თბილისის აეროპორტში რეისები გადაიდო

  ძლიერი ნისლის გამო დღეს თურქეთის ავიახაზების და პეგასუსის რეისი სტამბოლი – თბილისის მიმართულებით გაუქმდა,- ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. როგორც აეროპორტის წარმომადგენლები განმარტავენ, რეისები ძლიერი ნისლის გამო გაუქმდა. უამინდობის გამო ასევე შეფერხდა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების რეისი, რის გამოც კიევი-თბილისი ერევანში დაეშვა. ცუდი ხილვადობის შედეგად გამთენიისას რეისი გადადო „ფლაი დუბაიმ“, რომელზეც რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვას “TAV Georgia” ახორციელებს.
„TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო. საქრთველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
„ტავის“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით ის ერთ-ერთი სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. „TAV Airports Holding” ასევე ოპერირებას უწევს სტამბოლის, ანკარის, იზმირის, ალანიის საერთაშორისო აეროპორტებს თურქეთში, მაკედონიაში არსებულ 2 აეროპორტსა და 2 აეროპორტს ტუნისში. 2012 წლიდან ჰოლდინგმა დაიწყო საუდის არაბეთის მედინას აეროპორტის ოპერირებაც. „TAV Airports Holding” ოპერირებას უწევს კომერციულ ობიექტებს ლატვიაში, რიგის საერთაშორისო აეროპორტში. 2012 წელს „TAV Airports Holding” მთლიანობაში 575, 000 რეისს და დაახლოებით 72 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები