ალეკო ელისაშვილი: გული მიგრძნობს, არჩილ თალაკვაძეს ვიხილავთ ჯანდაცვის მინისტრად – ჩემი აზრით, თალაკვაძე არ იქნება ცუდი მინისტრი
გული მიგრძნობს არჩილ თალაკვაძეს ვიხილავთ ჯანდაცვის მინისტრად, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თალაკვაძე „ცუდი მინისტრი არ იქნება“.
„ღარიბაშვილის კადრი იყო აზარაშვილი. გული მიგრძნობს არჩილ თალაკვაძეს ვიხილავთ ჯანდაცვის მინისტრად. ჩემი აზრით, თალაკვაძე არ იქნება ცუდი მინისტრი. მე თალაკვაძესთან მაშინ მქონდა შეხება, როდესაც ის იყო სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე და მე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. მაშინ რამდენიმე თვე ვიმუშავეთ შეწყალების დებულებაზე. ყოველთვის ძალიან მომზადებული მოდიოდა და ძალიან სასიამოვნო იყო ეს სამუშაო პროცესი. აშკარად ესმის ეს საკითხები, რადგან როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო ხელმძღვანელობდა სამედიცინო მიმართულებას, ახლა რომ ციხეებში უკეთესი სამედიცინო სერვისია, თალაკვაძის დამსახურებაა. თუ თალაკვაძე იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ცუდი მინისტრი არ უნდა იყოს. ეს სისტემა და ეს პრობლემები ესმის“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს.