„საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის ვიზების გაცემა 2013 წელს 40%-ით გაიზარდა“

  რუსეთის ვიზების საქართველოს მოქალაქეებზე გაცემა 2013 წელს 40%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა “რია ნოვოსტის” განუცხადა, რუსეთი კვლავაც შეეცდება, რომ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის მიმოსვლა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
“გასული წლის განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევით შევძელით კულტურული, სპორტული და რელიგიური კავშირების, საქმიან წრეებს შორის კონტაქტების მნიშვნელოვნად გამოცოცხლება, რომელიც მანამდე უბრალოდ იბლოკებოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ დანერგილი რეჟიმით – მტრული ატმოსფეროთი. 2013 წელს რუსულმა მხარემ 40%-ით მეტი ვიზა გასცა საქართველოს მოქალაქეებზე, ვიდრე 2012 წელს. ამავდროულად, ჩვენ უფრო მოქნილად ვუდგებით მოქალაქეების კერძო ვიზიტების ვიზების გაფორმებას, დავეხმარეთ ადამიანებს ნათესაური კავშირების შენარჩუნებაში. მომავალში შევეცდებით, რომ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ხელმისაწვდომი გახდეს”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
კარასინის თქმით, ამავდროულად, მოსკოვი ყველა ფაქტორს გაითვალისწინებს – როგორც ხელშემწყობ ქმედებებს ვიზის ლიბერალიზაციისადმი, ასევე ნეგატიურს.
“ნეგატიურ ქმედებებს შორის, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არქონაა, ასევე ის ფაქტი, რომ ქართული მხარის მოთხოვნით, თბილისში, შვეიცარიის საკონსულოში არსებულ ჩვენს სექციაში ერთობ შეზღუდულია დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა “, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები