“პოზიტიური განწყობა უნდა გვქონდეს იმისა, რომ ეს წელიც საკმაოდ კარგი იქნება, ჩემი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა მაღალი იქნება, ლარის კურსი კი სტაბილური” – ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე

“პოზიტიური განწყობა უნდა გვქონდეს იმისა, რომ ეს წელიც საკმაოდ კარგი იქნება. ჩემი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა მაღალი იქნება. მაღალი ზრდის პირობებში კი – ლარის კურსი სტაბილური”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ ისაუბრა.

“პოზიტიური განწყობა უნდა გვქონდეს იმისა, რომ ეს წელიც საკმაოდ კარგი იქნება. ჩემი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა მაღალი იქნება. ალბათ, შარშანდელ მონაცემზე გავალთ. მოგეხსენებათ, შარშან ეკონომიკური ზრდა 7,5 % იყო. დაახლოებით ამ მაჩვენებელზე ვიქნებით, მიუხედავად იმისა, რომ “საერთაშორისო სავალუტო
ფონდის” პროგნოზი შედარებით ფრთხილი, დაახლოებით 5%-ია. შარშანაც ასეთი იყო, დაახლოებით 4 -5%, მაგრამ ზრდა გაცილებით მაღალი გვქონდა. მაღალი ზრდის პირობებში, ლარის კურსი სტაბილური იქნება. კიდევ ერთი ფაქტორი – ინფლაცია უნდა აღვნიშნო, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ინფლაცია სარეკორდოდ დაბალია 0,3%-ზე. ინფლაცია დაბალია არა ცალკეულ პროდუქციაზე, არამედ, დაახლოებით 132 დასახელების პროდუქციაზე ფასები შემცირებულია”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ეკონომისტმა ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები შეაფასა.

“მოგეხსენებათ, გუშინ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, მაგრამ მანამდე ამას ყოველთვის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი უსწრებს ხოლმე წინ. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის იანვართან შედარებით 14,9%-ითაა შემცირებული. ზოგადად, როცა საგარეო სავაჭრო ბრუნვაზეა საუბარი, აქ ექსპორტზეცაა საუბარი და იმპორტზეც. ექსპორტი შემცირებულია 26 %-ით, იმპორტი დაახლოებით 10%-ით. ექსპორტზე შემცირების გასაანალიზებლად შეგვიძლია, საექსპორტო პროდუქციის სტრუქტურა გამოვიყენოთ. ძირითადად, შემცირება ნედლეულზე მოდის, ვგულისხმობ შხამქიმიკატებს, ფეროშენადნობებს. ეს საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კლებასთანაა დაკავშირებული. ფასების კლება დღეს არ დაწყებულა, გასული წლის მეორე ნახევრიდან უკვე შეიმჩნეოდა, რომ ამ სანედლეულო პროდუქციაზე ფასები იკლებდა. საინტერესოა, რომ რეექსპორტიც შემცირებულია. რეექსპორტში ჩვენთან, ძირითადად, ავტომობილების ექსპორტია. ეს, გარკვეულწილად, საერთაშორისო სანქციებთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, საქართველო გარკვეული მიმართულებით შეერთებულია საერთაშორისო სანქციებს და ეს რუსეთის ბაზართანაა დაკავშირებული. კერძოდ, მისაბმელიანი და მძიმე ავტომობილების რეექსპორტთან. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რამაც მაჩვენებელი შეამცირა. როცა საუბარია იმაზე, საქართველო არის თუ არა მიერთებული საერთაშორისო სანქციებს, ერთ-ერთი მაგალითი ესეცაა. ანუ, მიერთებული ვართ იმ მიმართულებებზე, რომლებსაც საომარ მოქმედებებთან პირდაპირი შეხება აქვს, მათ შორის, მძიმე ავტომობილებს ვგულისხმობ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტიცაა შემცირებული, დაახლოებით 39%-ით. იმაზე უნდა ვისაუბროთ, ეს იანვრის დროებითი ეფექტია, თუ გარკვეული ტენდენცია. იმიტომ, რომ იანვარი რაღაც ზოგადი ტენდენციის შესაფასებლად მაინც არ გამოდგება. იანვრის თვეს სპეციფიკა აქვს, რომელიც ეკონომიკაში შედარებით
ნაკლებ მოხმარების პრინციპზეა აგებული და, შესაბამისად, საქონლის ექსპორტი მცირდება ხოლმე. იმიტომ, რომ საიმპორტო ბაზრებზე თუ მოხმარება შემცირებულია, ექსპორტიც მცირდება. მაგრამ მომავალ თვეებში გამოჩნდება, ეს იანვრის ეფექტითაა, რომელიც გლობალურად ყველგან ეკონომიკის შენელებას იწვევს, თუ გარკვეული სტრუქტურული, ან ფასწარმოქმნის პრობლემაა.

ადგილობრივი ექსპორტის შემცირება სხვა რამეზეც მიგვანიშნებს, რომ ადგილობრივ ექსპორტს მაინც უფრო მეტი დივერსიფიკაცია სჭირდება. ექსპორტისთვის უფრო ფართო ასორტიმენტი გვინდა, ასევე, ბაზრების დივერსიფიკაცია. ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ მომავალში ადგილობრივი ექსპორტის სტიმულირებისთვის ჩინეთის ბაზარზე საკმაოდ კარგი პერსპექტივა გვაქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი, ალბათ, ჩინეთი იქნება. კარგი პერსპექტივაა იმ თვალსაზრისითაც, რომ შარშან სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა, უკვე თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმიცაა. დაახლოებით იგივე რეჟიმი გვაქვს, რაც ევროკავშირთან. ეს გვაძლევს საშუალებას, საგარეო ბაზრების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც ახლა საგარეო სავაჭრო ბრუნვას უკავშირდება, ეკონომიკური ზრდაა. გასულ წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ინდიკატორი, მდგენელი იყო. ზოგადად, ახლაც არის. საგარეო სავაჭრო ბრუნვა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარამეტრად ითვლება. მაშინ კითხვა დგება, თუ ექსპორტი შემცირდა, ეკონომიკური ზრდა როგორაა დაახლოებით 6 %? უფრო ზუსტად კი 5.8 %? ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უკავშირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, რა თქმა უნდა, ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას უკავშირდება. სამამულო პროდუქციის წარმოებაზეა საუბარი და არა წმინდა საექსპორტოზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა გაზრდილია. სამამულო პროდუქციის ზრდის ხარჯზე, ქვეყნის ეკონომიკის, გარკვეულწილად, გადაწყობა ხდება, რაც გასულ წლებში სერიოზული პრობლემა იყო. როცა იმაზე იყო ლაპარაკი, რომ არაფერს ვაწარმოებდით და რასაც ვაწარმოებდით, ძირითადად, ექსპორტზე გაგვქონდა, უკვე მომავალში შეიძლება, ეს პრობლემა მოგვარდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური ფაქტორია.

საინტერესო საკითხია, როგორ მონაწილეობს ეკონომიკურ ზრდაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ასევე ვხედავთ, რომ ლარის კურსი მთელი იანვრის განმავლობაში შეუქცევადად მყარდება.

მთავარი პოზიტიური უნდა აღვნიშნო, რაც ზრდაშია: ესაა ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია. ლარის კურსიც შემცირებულია მაშინ, როდესაც ექსპორტიც შემცირებულია და ფულადი გზავნილებიც, რომლებიც სავალუტო კურსის დინამიკაზე უშუალოდ ზემოქმედებენ. კურსი, დიდი ალბათობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარჯზეა გამყარებული. ეს პოზიტიური ეკონომიკის კიდევ ერთი დიდი ფაქტორია და რატომ – ეკონომიკაში ყველაზე დიდი დამსაქმებელი ადგილობრივი წარმოება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა მიანიშნებს იმაზე, რომ ინვესტორთა გადმოსახედიდან ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობაა, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება რეგიონში, ვიცით, როგორი გლობალური გამოწვევებია. ასევე საარჩევნო წელიცაა. პოზიტიურია, რომ ინვესტიციები განწყობას არ ცვლიან”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები