ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-მდე – ოპოზიცია, განსაკუთრებით – მისი რადიკალური ნაწილი, განწირულია მარცხისთვის

ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – 55-დან 60%-მდე გვაქვს საზოგადოებისგან ურყევი მხარდაჭერა გასული 1 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის არჩევნებზე ოპოზიცია, განსაკუთრებით – მისი რადიკალური ნაწილი, მარცხისთვისაა განწირული.

„შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ზოგადად კოალიცია პრაქტიკულად გამორიცხულია. რა თქმა უნდა, არჩევნებამდე 8 თვე გვაქვს დარჩენილი, მაგრამ არსებით ცვლილებებს ბუნებრივია არ ველოდებით. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი, განწირულია მარცხისთვის. როცა საუბრობენ კოალიციაზე, აქ იგულისხმება ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში. აქ ჩაერთვება სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“ და ა.შ. ეს ყველა ერთი ხალხია, ერთი ნიშნით არიან წარმოდგენილები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საუბრობს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია – ვერანაირი შეფუთვით ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები