კახა კალაძე – ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებებზე: სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიით ინიღბება ასეთი განცხადებები და გადაწყვეტილებები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები არსებულ ურთიერთობებს აზიანებს.

„ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია არსებული ურთიერთობებისთვის. უბრალოდ, შეურაცხმყოფელია ასეთი განცხადებები. ჩვენ არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც ძალიან მძიმე რამეები ეწერა, მოგვიანებით კი გამოიკვეთა, თუ როგორ ხდებოდა მათი მიღება – ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ეს ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება.

ალბათ მოგვიანებით გავიგებთ, FARA-ს დოკუმენტაციაში იქნება წარმოდგენილი, თუ რა როგორ ხდება. შეიძლება გავიგოთ, შეიძლება ვერც გავიგოთ, რადგან იცით, რამხელა რეზონანსი მოჰყვა ამ ყველაფრის გამოაშკარავებას. გვეუბნებოდნენ, რომ ეს თითქოს დემოკრატიული პროცესები იყო, რეალურად კი იყო სხვა რამ – ფულის მიცემა, რომელიც ინიღბებოდა ლობიზმით.

მე არავითარი ეჭვი არ მაქვს. იმ ფაქტზე ვსაუბრობ, რაც ყველამ ვნახეთ – FARA-ს დოკუმენტი მაქვს მხედველობაში, სადაც პირდაპირ იყო მითითებული სახელები, გვარები, ვინ იხდიდა თანხას, რეზოლუციის მიღებაზე იყო საუბარი. ეს გამოაშკარავდა და ცხადია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიით ინიღბება ასეთი განცხადებები და გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები