დედაქალაქის 26-ე ბაგა-ბაღში ცენტრალური გათბობის უახლესი სისტემა დამონტაჟდება
თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 26-ე ბაგა-ბაღში ცენტრალური გათბობის უახლესი სისტემა დამონტაჟდება. ამისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 160 000 ლარი გამოეყოფა.
სააგენტოს დირექტორის, თემურ თორდინავას ვარაუდით, გათბობის სისტემის დამონტაჟება ნოემბრის ბოლომდე დასრულდება. მისივე თქმით, დანარჩენ ბაგა-ბაღებში გათბობის ალტერნატიული საშუალებები არსებობს. დღევანდელ სხდომაზე თბილისის მთავრობამ, ასევე, 132-ე ბაგა-ბაღისთვის სტატუსის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. კიევის N2-ში მდებარე საბავშვო ბაღი თბილისის წინა მთავრობამ 6 წლის წინ ე.წ. „ბაღების ოპტიმიზაციის“ ფარგლებში დახურა, რის შემდეგაც აღნიშნულ შენობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაცია ფუნქციონირებდა.
„ეს ბაღი თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უკვე დაუბრუნა. ამჟამად მიმდინარეობს სტატუსის აღდგენის პროცედურები, რის შემდეგაც სარემონტო სამუშოები დაიწყება. ბაგა-ბაღი ფუნქციონირებას მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან დაიწყებს და ის 150-მდე ბავშვს მოემსახურება. ბაგა-ბაღში 35-40 ადამიანი დასაქმდება. გარდა ამისა, 3000 ბავშვისთვის დამატებითი ფართი მოვიძიეთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ და რაიონის გამგებლებს დამატებითი შენობების მოძიება დაავალა.