მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტი ფაქტობრივ მოცემულობაშია არეული, მისი განცხადებები და პოზიცია აბლანდულია
“პრეზიდენტი ფაქტობრივ მოცემულობაშია რეალურად არეული და მისი განცხადებები და პოზიცია აბლანდულია”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
სარჯველაძის შეფასებით, ზურაბიშვილი პოლიტიკური თვალსაზრისით ფატალურ შეცდომას უშვებს, როდესაც ის უპირისპირდება ამომრჩეველს, რომელმაც მას ხმა მისცა.
„მე არ ვეთანხმები საკითხის ასე დაყენებას, იმიტომ რომ მგონია, ფაქტობრივ მოცემულობაშია რეალურად არეული და აბლანდულია პრეზიდენტის განცხადებები და მისი პოზიცია. მარტივად დგას საკითხი – საქართველოს მოსახლეობის 85%, როგორც ბოლო დროინდელი კვლევები აჩვენებს, არის პროევროპული განწყობის. სხვათა შორის, ამ 85%-ის უმრავლესობის არჩევანია „ქართული ოცნება“, რომელსაც უპირისპირდება პრეზიდენტი. აი, აქ უშვებს პოლიტიკური თვალსაზრისით ფატალურ შეცდომას, როდესაც ის უპირისპირდება, ამომრჩეველს, რომელმაც მას ხმა მისცა”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “ამ არჩევნების ირგვლივ იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც საქართველოს სუვერენობა, არც საქართველოს ევროპულობა. ეს არჩევნები ერთგვარად იქნება: – ,,ევროპა, თუ არა ევროპა“ – ამ ტიპის არჩევნები და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ: რუსული პროპაგანდის გააქტიურებისათვის, რომელსაც უკვე ვხედავთ; პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის, რომელსაც ასევე ვხედავთ, შეიძლება თავის თავს ასე არ უწოდებენ, მაგრამ ჩანს, რაც არიან და ასეთები ბევრი იქნება და მათი დაფინანსება ალბათ, არ გაუჭირდებათ”.