ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა, რაც არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ საერთოდ არსებობს
მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
“ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის სამართლებრივად გაწერილი მაგალითი უნდა მოგვცენ, თუ სადმე არის უკეთესად რაიმე დარეგულირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის ერთგვარი ძველად გაკეთებული განცხადებების გამეორება.
ამ მხრივ რაიმე სიახლე არ არის. თუ სამართლებრივი შემოწმება იქნება, ნახავთ, რომ საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, რაც არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ საერთოდ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩავატაროთ ყველა მიმართულებით, დემოკრატიის თვალსაზრისით თუ არჩევნების ადმინისტრირების თვალსაზრისით“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, NDI-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები არ შეესაბამება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და, შესაძლოა, ნდობა ცესკოს მიმართ კიდევ უფრო შეამციროს.