ირაკლი ქადაგიშვილი: კანონმდებლობით განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობების უფლებები დაცულია, არ ვფიქრობ, რომ ფსევდოპროპაგანდას რაიმე გასაქანი უნდა მიეცეს
“ჩვენი კანონმდებლობით ყველა ადამიანის უფლებას ვიცავთ, მათ შორის, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობების უფლებებს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ხალხის ძალის” განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ფსევდოპროპაგანდას რაიმე გასაქანი არ უნდა მიეცეს.
„სამწუხაროდ, რატომღაც კაცობრიობა ისეთი მიმართულებით მიდის, თითქოსდა, ადამიანის უფლებების საუკეთესო დაცვის საბურველ ქვეშ ადამიანებს ნელ-ნელა გვეკრძალება ის, რაც კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩვენს მშობელს დედა რქმეოდა და კაცს მამა, გოგოს გოგო, ბიჭს ბიჭი. როგორც ჩანს, ამას ბოლო არ აქვს. ხშირ შემთხვევაში, ეს არა რომელიმე ერის ტრადიციას და სარწმუნოებას უპირისპირდება, უპირისპირდება ადამიანის არსს, შინაარსს და რაობას. აქედან გამომდინარე, ამას ვერც ლიბერალიზმს დავარქმევ და ვერც რაიმე სხვა პოლიტიკურ თუ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. ეს არის ადამიანის ბუნებრივი რჯულის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ვაპირებ, ჩემს შვილებს და როცა შვილიშვილები მეყოლება, მათ არც დედა, არც მამა, არც ბაბუა და ბებია არ ავუკრძალო. რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია, რომ ფსევდოპროპაგანდას საქართველოში რაიმე გასაქანი უნდა მიეცეს. სხვათა შორის, ჩვენი კანონმდებლობით ყველა ადამიანის უფლებას ვიცავთ, მათ შორის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობების უფლებებს. ამის იქით წასვლა უკვე მიუღებელი უნდა იყოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა.