შალვა პაპუაშვილი: ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მოვუწოდებ, რომ შემოიღონ უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის

“მივესალმები ამას, ჩვენი მოქალაქეებისთვის არის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ზოგადად საქართველოს პასპორტის სიძლიერე წლიდან წლამდე იმატებს, ამიტომ ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მოვუწოდებ, რომ შემოიღონ უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე.

პაპუაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ.

„ბევრი არ არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც უვიზო მიმოსვლა აქვს ჩინეთთან და ის, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო ეს გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის, საქართველოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ, რომელიც დოკუმენტურად ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა ბევრი შედეგი გამოიღო. მივესალმები ამას, ჩვენი მოქალაქეებისთვის არის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ზოგადად საქართველოს პასპორტის სიძლიერე წლიდან წლამდე იმატებს, ამიტომ ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მოვუწოდებ, რომ შემოიღონ უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის. სულ სამ მილიონ ნახევარი ცხოვრობს საქართველოში. არ მგონია მოცულობით ისეთი დიდი ვიყოთ, რომ რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს ჩვენს მიმართ რაიმე კითხვის ნიშნები და შიშები რომ მოხდება ჭარბად გადასვლა ამა, თუ იმ ქვეყანაში. კულტურული კავშირებისთვის, ადამიანებს შორის კავშირებისთვის, უვიზო მიმოსვლას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ჩვენთვის გახსნა უვიზოდ საკუთარი საზღვრები, რა შესაძლებლობები მიეცა ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად მოქალაქეებს, რომ იმოგზაურონ ევროკავშირში, ისწავლონ და ამით უფრო დაახლოვდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებიც მიიღებენ, ეს უფრო გააძლიერებს ქვეყნებს და ხალხებს შორის ურთიერთობებს. ეს ხალხებს შორის ურთიერთობის გარდა, გულისხმობს ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსივობას. როდესაც ადვილია ქვეყნებს შორის მიმოსვლა, აადვილებს კონტაქტებსაც, კავშირებს, რაც შემდეგ გადაიზრდება ეკონომიკურ ურთიერთობებში და მეტ ინვესტიციაში საქართველოში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ ზედიზედ 30 დღე დაყონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები