გია ცაგარეიშვილი – NDI-ის ანგარიშზე: მომავალი არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც საარჩევნო შედეგის ყველანაირ მანიპულაციას გამორიცხავს

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გია ცაგარეიშვილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია NDI-ს ანგარიშს აფასებს.

როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი ამბობს, მომავალი არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც საარჩევნო შედეგის ყველანაირ მანიპულაციას გამორიცხავს.

“ვისურვებდი, როცა ამ პროცესის დამკვირვებლები საუბრობენ საარჩევნო თემატიკაზე, გაუმჯობესებულ საარჩევნო პროცედურაზე, ხაზგასმით ისაუბრონ იმაზე, რაც ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა საქართველოში და რაც “ქართულმა ოცნებამ” უკვე დაამკვიდრა წესად და გადააქცია კანონად – მომავალი არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც საარჩევნო შედეგის ყველანაირ მანიპულაციას, ფალსიფიკაციას და არასწორ აღქმასა და გაგებას ყველანაირად გამორიცხავს,”- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, NDI-მ ანგარიში და რეკომენდაციები გუშინ გაავრცელა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში იკვეთება დადებითი ტენდენცია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერის მიმართულებით. ასევე, საუბარია კორუფციის შემცირებულ დონესა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლებაზე.

ასევე, ხაზგასმულია, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები არ შეესაბამება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და, შესაძლოა, ნდობა ცესკოს მიმართ კიდევ უფრო შეამციროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები