მამუკა მდინარაძე: ვისურვებდით, როგორი ინტერესიც არის ჩინეთის მხრიდან, ასეთივე ინტერესი იყოს დიდი ხნის პარტნიორების მხრიდან ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით
ვისურვებდით, როგორი ინტერესიც არის ჩინეთის მხრიდან, ასეთივე ინტერესი იყოს ჩვენი დიდი ხნის პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან თავისუფალ ვაჭრობასთან, ეკონომიკურ ურთიერთობებთან, ფრენასთან, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მანვე შეაფასა, პრემიერმინისტრის პირველი საგარეო ვიზიტი და აღნიშნა, რომ პარტნიორებისაგან მკაფიო გზავნილები გაისმა, რაც საქართველოს მიერ გატარებული
რეფორმების ცალსახა აღიარებას ნიშნავდა.
„პრემიერმინისტრის ბოლო შეხვედრა იყო არა მხოლოდ უბრალოდ პოზიტიურად შესაფასებელი, არამედ იქ უკვე ჩვენი პარტნიორებისაგან წამოვიდა აბსოლუტურად მკაფიო გზავნილები, რაც ნიშნავდა ცალსახა აღიარებას ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების. ამიტომ, ჩვენ თავისუფლად ვამბობთ, რომ 2030 წელს საქართველო ეკონომიკურად, ასევე რეფორმების თვალსაზრისით, უფლებების დაცვის, დემოკრატიის ხარისხის მიხრდვით და ა.შ. იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ის იქნება უფრო მზად, ვიდრე ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა.
რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ ეს ურთიერთობა შედარებით ახალი გვაქვს ჩინეთთან. სტრატეგიულ პარტნიორზე მართლაც დამოკიდებულია ორმხრივი ურთიერთობის ფორმებიც კი. შესაბამისად ჩვენ ვისურვებდით, რომ როგორი ინტერესიც არის ჩინეთის მხრიდან, ისეთივე ინტერესი იყოს ჩვენი დიდი ხნის მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან თავისუფალ ვაჭრობასთან, ეკონომიკურ ურთიერთობებთან, უვიზო რეჟიმთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ეს იქნება მხოლოდ კარგი, ეს იქნება კიდევ მეტი სტიმული საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მეტი სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან.
რაც შეეხება ჩინეთს, ძალიან სასიხარულოა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მათი ინტერესი არის ძალიან დიდი. ეს ჩვენს ეკონომიკას ერთიორად წაადგება, მათ შორის არა მხოლოდ ეკონომიკას, სხვა საკითხებს, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შეიძლება, უზრუნველყოფილი იქნას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.