“რუსეთს აღარც ძალა ეყოფა და აღარც რესურსი, რომ უკრაინა დაიპყროს და იქ მარიონეტული ხელისუფლება დასვას” – ზაალ კასრელიშვილი ომის 2 წლისთავზე არსებულ ვითარებას აფასებს

“რუსეთის სამხედრო – პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აღარც ძალა ეყოფა და აღარც რესურსი, რომ უკრაინა დაიპყროს და იქ მარიონეტული ხელისუფლება დასვას”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის 2 წლისთავზე არსებული ვითარება შეაფასა. მისი თქმით, ორივე მხარე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის, უფრო დამანგრეველი, სისხლისმღვრელი ომისთვის ემზადება.

“2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. რუსეთის სამხედრო- პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამ აქტით საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა დაარღვია, ასევე, 1994 წლის შეთანხმება ბირთვული იარაღის განადგურების შესახებ, რომლითაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე, სახელმწიფოს ხელშეუხებლობაზე პასუხისმგებლობა ინგლისმა და აშშ-მ აიღეს. ასე რომ, არ უნდა გვიკვირდეს, ინგლისი და აშშ უკრაინას გვერდში ბოლომდე რომ დაუდგებიან. ეს მათი პრესტიჟის საქმეა. მთელი ამ ხნის მანძილზე აბსოლუტურად გაუგონარი თავდადების ხარჯზე უკრაინის არმიამ შეზღუდული ფიზიკური ძალის, სამხედრო ტექნიკისა და ამუნიციის პირობებში რუსეთის არმიის შეჩერება და კონტრშეტევით ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლებაც მოახერხა. ყველას ეგონა, რომ კონტრშეტევა ფრონტალური იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ვხვდებოდით, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის არმიას ფრონტალური ომის საჭიროების შესაბამისად არ დაეხმარებოდა, კონკრეტული ტაქტიკური ამოცანების გადასაწყვეტად ეხმარებოდნენ. ფინანსებს, ამუნიაციას და ტექნიკას უგვიანებდნენ, რამაც კონტრშეტევა შეაჩერა და რუსეთის სამხედრო- პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საშუალება მისცა, მარაგები შეევსოთ. ამჟამად, მარაგები ორივე მხარეს აქვს შევსებული. 3-4 წლის რეზერვები მოიმარაგეს. ვფიქრობთ, ეს მაინც და მაინც კარგ შედეგს არ მოიტანს, ორივე მხარე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის, უფრო დამანგრეველი, სისხლისმღვრელი ომისთვის ემზადება.

ავდეევკაზე დიდი ამბავია ატეხილი და გვინდა, ამ ამბავს გამოვეხმაუროთ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ავდეევკა იქნება თუ ბახმუტი, თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს პოზიციური ბრძოლებია, გარდამავალი უპირატესობით. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოხდა და, როგორც ჩანს, მოხდება (ვგულისხმობ ავიაციას, დრონებს, გრძელ მანძილზე გამანადგურებელ არტილერიას), ეს ასე გაგრძელდება, ბოლოს შეიძლება, პარტიზანულ ომამდეც მივიდეს, რა სცენარიც ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ გვაქვს ნანახი. რა თქმა უნდა, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ავდეევკის აღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მარტში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებია. რომ გითხრათ, მის გაპრეზიდენტებას რაიმე საფრთხე ემუქრება, ეს მართალი არ იქნება, მაგრამ შიდა პოლიტიკური ბაზრისთვის ეს გამარჯვება სჭირდებოდა. ამას ისე გააპიარებენ, როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას. წინ წასვლას, კიევის აღებას, ყველა იმ პირობის შესრულებას დააანონსებენ, რაც 2 წლის წინ, შეჭრამდე იყო დათქმული. მაგრამ, ეს ასე არ იქნება. რუსეთის სამხედრო – პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აღარც ძალა ეყოფა და აღარც რესურსი იმისათვის, რომ უკრაინა დაიპყროს და იქ მარიონეტული ხელისუფლება დასვას”, – განაცხადა კასრელიშვილმა.

მისივე თქმით, ეპიზოდური ბრძოლები რუსეთის ტერიტორიაზეც გადაინაცვლებს.

“უკრაინის მხრიდან კონტრშეტევა აუცილებლად იქნება. ამ ომის პერსპექტივა კონტრშეტევის დროს გამოჩნდება. ეს იქნება მართლა ომი, თუ ყველა დასახლებულ პუნქტზე, სოფელზე, ერთ გოჯ მიწაზე ვაჭრობა. ეს ყველაფერი გასტანს მარტიდან ნოემბრამდე, აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებამდე. ამ ორ არჩევნებს შორის ევროპული არჩევნებია. ასე რომ, რუსეთ-უკრაინის ომი თანდათან უფრო პოლიტიკური ხდება, რასაც ორივე ქვეყნის რესურსი ეწირება, რაც ორივე ქვეყანას ანადგურებს.

უკრაინის არმიაში საბრძოლო განწყობა დიდია. უკრაინის სამხედრო ელიტის ცვლილებაც ამაზე მიუთითებს. შემტევი მენტალობის ლიდერები მოიყვანეს. წინა სამხედრო ლიდერებზე შემიძლია, გითხრათ, რომ ფანტასტიკურ შედეგებზე გავიდნენ, იმ რესურსის პირობებში, რაც ჰქონდათ, ბევრი განვითარებული ქვეყნის ხელმძღვანელობა მაგის ნახევარსაც ვერ გააკეთებდა. 2 წლის მანძილზე ამხელა მონსტრი გააჩერეს, უკანაც კი დაახევინეს. ეს პროცესი გაგრძელდება. ეპიზოდური ბრძოლები რუსეთის ტერიტორიაზეც გადაინაცვლებს.

ამ პროცესების პარალელურად, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი დამსახურებული ლიდერი, ნავალნი გარდაიცვალა. საერთაშორისო საზოგადოებაში იმაზე არაა ლაპარაკი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩავიდა და მან მოკლა, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ადამიანი ძალიან მძიმე პირობებში, კარცერში, დახურულ სივრცეში ჰყავდათ. რამაც სავსებით ბუნებრივია, შეიძლება, ადამიანის დაავადება გამოიწვიოს. სინამდვილეში რა მოხდა, ამას ვერავინ გაიგებს. როგორც დღემდე ვერავინ გაიგო, სინამდვილეში რა მოხდა იმ გარდაცვლილების გარშემო, რომლებიც პოლიტიკური, თუ ჟურნალისტური აქტივობებით იყვნენ დაკავებულები. რუსეთის პრეზიდენტმა კონკრეტულად ამის გამო პერსონალური სანქციები მიიღო. დღეს-ხვალ, ალბათ, უკვე ამ სანქციების პირობები გამოქვეყნდება”, – განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები