სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: ირანის ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ საქართველოში ცხოვრების უფლებაზე, კავშირი ჰქონდათ ე.წ. საშუამავლო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მიერ შემუშავებულ არალეგალურ სქემებთან

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ირანის მოქალაქეებისათვის საქართველოში ცხოვრების უფლების მიცემის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება და მას ცრუს უწოდებს.

მათივე განმარტებით, ირანის ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ საქართველოში ცხოვრების უფლებაზე, კავშირი ჰქონდათ ე.წ. საშუამავლო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მიერ შემუშავებულ არალეგალურ სქემებთან.

„ბოლო დროს ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა არაერთი ცრუ ინფორმაცია ირანის მოქალაქეებისათვის საქართველოში ცხოვრების უფლების მიცემის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომების შესახებ, რაც გამოიხატებოდა თითქოსდა, მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნასა და სხვა უკანონო ქმედებებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ მიგრაციულ პროცესებში ჩართული სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოში ცხოვრების უფლების მიღების მსურველთა საქმეებს განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა მკაცრი დაცვით, ყოველგვარი დისკრიმინაციული მიდგომების გარეშე, აღნიშნულზე მეტყველებს 2022-2023 წლის სტატისტიკური მონაცემები. კერძოდ, ხსენებულ პერიოდში საქართველოში ცხოვრების უფლება მიიღო ირანის 3 811-ზე მეტმა მოქალაქემ.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ირანის ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ საქართველოში ცხოვრების უფლებაზე, კავშირი ჰქონდათ ე.წ. საშუამავლო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მიერ შემუშავებულ არალეგალურ სქემებთან.

ხსენებული ე.წ. შუამავლები გარკვეული გასამრჯელოს მიღების საფუძველზე იძლევიან ცრუ დაპირებებს, ირანის მოქალაქეებს უმზადებენ ფიქტიურ დოკუმენტაციას და მიზნად ისახავენ სახელმწიფო უწყებების შეცდომაში შეყვანას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ნუ ისარგებლებენ მსგავსი არალეგალური სერვისებით და ნებისმიერი მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე მიმართონ და ინფორმაცია მიიღონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

აქვე გვსურს, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ნებისმიერ ფაქტსა თუ ინფორმაციას, მიგრაციის პოლიტიკის განხორციელების დროს ცალკეული უწყებების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ უკანონო აქტივობებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები