სახალხო დამცველმა თბილისის მერიას დასაქმებულთა დარღვეული შრომის უფლების აღდგენის წინადადებით მიმართა
2024 წლის 19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მერიას და მის მიერ დაფუძნებულ ხელოვნებისა და სპორტულ დაწესებულებებს თანამშრომლებთან დადებული შრომის ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის წინადადებით მიმართა.
ამის შესახებ ომბუდსმენის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 29 ხელოვნების სკოლაში, ერთ ხელოვნების კოლეჯსა და 2 სპორტულ დაწესებულებაში დასაქმებულ 918 პედაგოგს/მწვრთნელს ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უსარგებლია ანაზღაურებადი შვებულებით, ვინაიდან მათთან ყოველ წელს შრომითი ხელშეკრულება იდება 10 თვის ვადით.
“საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების 1 წელზე ნაკლები ვადით დადების საფუძველი არ არსებობს. დადგინდა, რომ პედაგოგებს და მწვრთნელებს კანონშეუსაბამოდ ეზღუდებათ ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობა, ასევე უფლება შეინარჩუნონ სამუშაო ადგილი და დაცული იყვნენ დაუსაბუთებელი და უკანონო გათავისუფლებისგან, ვინაიდან 10 თვის ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელს აძლევს ფორმალურ საფუძველს, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვიტოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.