პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.
ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
ბრიუსელში პრემიერმინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი; ვიცეპრემიერი, თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.