ხაინდრავა – რადიკალურ ოპოზიციაზე: პოლიტიკასთან მათი მიშვება არ შეიძლება
პოლიტიკასთან მათი [რადიკალური ოპოზიცია] მიშვება არ შეიძლება, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მავნებლობის ჩამდენი ადამიანები არიან, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. როგორც არასდროს, დღეს ჩვენ გჭირდება ერთიანობა, ხალხის, საზოგადოების, ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მონოლითური ერთად ყოფნა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. დღეს მსოფლიოში არის ისეთი ვითარება, რომ კაცმა არ იცის, ხვალ და ზეგ რა იქნება, ისეა ურთიერთობა გამწვავებული. ისეთი პოზიცია, როგორც დღეს აქვს, საქართველოს სახელმწიფოს არ ჰქონია საუკუნეების მანძილზე. დღეს ჩვენ პოლიტიკურ რუკაზე ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელმაც განაცხადა, რომ აქვს უნარი და აჩვენა კიდეც, საკუთარი ინტერესების დაცვა. ახლა ყველაფერი ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაითავისოს და მჯერა, რომ ესმის კიდეც. დღევანდელი დღეს სწორედ ამის მაჩვენებელია, რომ ქართული საზოგადოება ძალიან გაიზარდა – პოლიტიკურად, სულიერად, ყველანაირად. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ დღეს არჩევანი არ არის. ძალიან ცუდია, რომ არჩევანი არ გვაქვს”, – აღნიშნა ხაინდრავამ.