მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილზე: მან მაგალითი შექმნა, როგორ არ იყიდება ქვეყანა
„იმ 2 მილიარდზე, რომლითაც აშანტაჟებდნენ [ბიძინა ივანიშვილს], ისე თავისუფლად ლაპარაკობენ ვიღაც-ვიღაცები, თითქოს არაფერია – ადამიანები, რომლებიც ყოველდღე თვეში 2 000 დოლარად იყიდებიან ხოლმე, ანტიეროვნულ განცხადებებს აკეთებენ. ასეთი ადამიანები აკრიტიკებენ და არაფრად მიაჩნიათ ის, რომ 2 მილიარდითაც კი ვერ დააშანტაჟეს ადამიანი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“საერთოდ არ გაუფიქრებია ამ ადამიანს, რომ ამ 2 მილიარდთან დაკავშირებით არა საქართველოს საწინააღმდეგო, არამედ რაიმე ელემენტარულ დათმობაზე და კომპრომისზე წასულიყო. არის თუ არა ეს ისტორიული მაგალითი, თუ როგორ არ იყიდება ქვეყანა?
3 მილიარდ დოლარზე მეტი რომ აქვს დახარჯული დღეს, რაში დახარჯა ძირითადი ნაწილი ამ ქველმოქმედებისა? ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, კულტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების დაფინანსებაზე. ყველაფერზე, რაც ქართულ იდენტობასთან, მის შენარჩუნებასთან ასოცირდებოდა. მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა ყველაფერ ქართულს – იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, მაშინ გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა სულიერება ქართული, „ნაცებისგან“ მაშინ იხსნა“ – აღნიშნა მდინარაძემ.