თეა წულუკიანმა ლატვიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
“საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრ თეა წულუკიანსა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია და სამინისტროს შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თამარ წულუკიძე”,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
“ინფორმაციისთვის: ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) დელეგაცია საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მოწვევით იმყოფება საქართველოში.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) განათლების, კულტურისა და მეცნიერებისა კომიტეტის თავმჯდომარე აგიტე ზარინა სტურე. შეხვედრას ესწრებოდა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) განათლების, კულტურისა და მეცნიერებისა კომიტეტის წევრი, ლატვიის რესპუბლიკის კულტურის ყოფილი მინისტრი ნაურის პუნტულისი და ვიტა ბიჭერნი – განათლების საკითხში კონსულტანტი ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) განათლების, კულტურისა და მეცნიერებისა კომიტეტში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ედიტე მედნე.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელოვნებო განათლების რეფორმასა და ამ მიმართულებით ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის საქართველოსთან თანამშრომლობაზე.
თეა წულუკიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმა, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პარლამენტის კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობით შექმნილი კანონპროექტის საფუძველზე გატარდება, იქნება ეროვნული სახელოვნებო განათლების რეფორმა და აღნიშნული რეფორმა არ იქნება რომელიმე ქვეყნის სახელოვნებო განათლების რეფორმის მოდელის ასლი. ამასთან, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ლატვიის სახელოვნებო განათლების რეფორმის შესახებ ლატვიელი სტუმრების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
მინისტრმა სახელოვნებო განათლების შესახებ კანონპროექტის სამინისტროდან პარლამენტამდე გასავლელ გზაზე ორი გამოწვევა გამოკვეთა: პროექტის ხარჯთეფექტიანობის საკითხი და სახელოვნებო განათლების სისტემის კონცეპტუალური განსხვავების აუცილებლობა ზოგადი განათლების სისტემისგან.
თეა წულუკიანმა ისაუბრა უწყვეტი სამუსიკო განათლების სისტემის აღდგენის შესახებაც, რომელიც 2006 წლის შემდეგ უდიდესი გამოწვევაა ქვეყნის კულტურისთვის.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განუხრელი მხარდაჭერისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.