გიორგი კალანდარიშვილი: არ არსებობს არცერთი გარემოება, რომელიც მიუთითებდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიკერძოებულ საქმიანობაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დღევანდელ განცხადებაში ამოვიკითხეთ, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია მმართველი პარტიის დაქვემდებარებულ უწყებას წარმოადგენს. არ არსებობს არცერთი გარემოება, რომელიც მიუთითებდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიკერძოებულ საქმიანობაზე, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

„კანონი ვერ იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის შესაფასებელი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, მის აღსრულების ნაწილზე ვისაუბროთ საარჩევნო პროცესთან მიმართებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დღევანდელ განცხადებაში ამოვიკითხეთ, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია მმართველი პარტიის დაქვემდებარებულ უწყებას წარმოადგენს, განსაკუთრებით ვერტიკალის ნაწილში და თითქოს, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, კვლავ ასე გაგრძელდება.

ეს სულ მცირე, არაპროფესიული და აბსოლუტურად უსაფუძვლო შეფასებაა. დღევანდელ დღემდე არ არსებობს არცერთი გარემოება, რომელიც მიუთითებდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიკერძოებულ საქმიანობაზე სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიმართ.

საბოლოო ჯამში, რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები, ამას მესამე მოსმენის შემდეგ ვნახავთ. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, კონკრეტულ პერსონალიებთან მიმართებით საარჩევნო ადმინისტრაციის როლი მხოლოდ და მხოლოდ იმით გამოიხატება, შემდეგ რამდენად მივიღებთ მონაწილეობას არჩევის პროცესში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პროცესში, რომელიც იქნება კვალიფიციურ, პროფესიულ, ნეიტრალურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ბაზაზე დაფუძნებული“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ინფორმაციისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებები წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები