ირაკლი ქარქაშაძე: ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე, ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ, ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში, ერთ-ერთი ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა.
„ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე, ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში, აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს, 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას. არცერთ სხვა რეისს არ ჰქონია შეფერხება და დაგვიანება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, ჩვენი კომპეტენცია აქ არ არის და შესაბამისი სამსახურები ასრულებენ პროცედურებს. დარწმუნებული ვარ, ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის მიღებული ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება“, – განაცხადა ქარქაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში დაბრუნდა. აეროპორტის ცნობით, მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე ინფორმაციის მიღება იყო.