თამარ გაბუნია – აუდიტის დასკვნაზე: რეკომენდაციებს ვიზიარებთ, ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა დეტალური გეგმის შემუშავებაზე
სასერტიფიკაციო გამოცდა ორიენტირებულია მხოლოდ ცოდნის შეფასებაზე, უნარ-ჩვევების შეფასების მექანიზმი ჩადებული არ არის, განსხვავებით კარგი დასავლური გამოცდილებისგან და შესამუშავებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულ რეკომენდაციებს სამინისტრო გაითვალისწინებს.
„გამოწვევები, რაც ამ სფეროში არის, მათ შორის, საკადრო დეფიციტი, ექთნების ექიმებთან დისბალანსი, დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება, რეზიდენტურის პროგრამის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ასახულია სტრატეგიულ გეგმაში. რეკომენდაციებს ვიზიარებთ. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა დეტალური გეგმის შემუშავებაზე, რაც მნიშვნელოვანწილად იქნება თანხვედრაში სტრატეგიულ სამოქმედო გეგმასთან თავის ვადებით. პროცესი აქ ხანგრძლივია. ძირითადი გამოწვევა რაც სისტემაშია, არის ის, რომ სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილი ორიენტირებულია მხოლოდ ცოდნის შეფასებაზე და უნარ-ჩვევების შეფასების მექანიზმი იქ ჩადებული არ არის, რაც განსხვავებულია კარგი დასავლური და ევროპის გამოცდილებისგან. ამას დამატებით რესურსი სჭირდება. არსებობს ასეთი მექანიზმი ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა, როცა გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება ხდება, ჩვენთან ასეთი არ არსებობს, შესამუშავებელია. ასევე ვიზიარებ ხარისხობრივ ნაწილთან დაკავშირებულ შენიშვნას. აქ განმარტების სახით მინდა ვთქვა, რომ სამინისტროს შიდა რესურსი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ტექნიკური ექსპერტიზა უზრუნველყოს ექსპერტების მიერ წარმოდგენილი მასალის, არ აქვს, ამიტომ დამოკიდებული ვართ იმ პროფესიულ პლატფორმაზე, რომელიც წარმოადგენს ამ მასალას. დამოუკიდებელი ექსპერტიზის საკითხს როგორ გადავჭრით, გარკვეული ფიქრი და კონსულტაცია დაგვჭირდება.
რეგულირების სააგენტოს მხრიდანაც მონიტორინგის მექანიზმი მეტ რესურსს მოითხოვს და ამ კუთხითაც მუშაობა მიმდინარეობს, რომ რესურსი გაიზარდოს, რადგან მონიტორინგი ჯეროვანი იყოს და არა შერჩევითი როგორც აქამდე ხდება,“- განაცხადა გაბუნიამ.
ინფორმაციისთვის, აუდიტის ანგარიშის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები რიგ ნაკლოვანებებს შეიცავს.