მაია ბითაძე: მკაცრად გაკონტროლდება ძაღლების გამრავლება – ვერ დავუშვებთ, რომ შესაბამისი რეგულაციების გარეშე, იქ, სადაც ბევრი ბავშვია ერთად, ძაღლის უკონტროლო გადაადგილება იყოს დაშვებული
“მთავარი მიზანი იქნება შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტში “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტის დაინიცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი რეგულაციების გარეშე, იქ, სადაც ბევრი ბავშვია ერთად, ძაღლის უკონტროლო გადაადგილება, მათ შორის, მიკედლება ვერ იქნება დაშვებული.
“ჩვენ ასევე ვიმუშავებთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციასთან, რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად დაიწყება პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ისევე, როგორც მიუსაფარ ძაღლთა მასშტაბური აღრიცხვა.
რეგისტრაციის ვალდებულება დასრულდება 2025 წლის პირველ ივლისს.
ამ ვადის შემდგომ ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი მოხვდება ცხოველის ციკლის განმავლობაში – ეს იქნება ვეტერინარული კლინიკა, საშენი, სასტუმრო, თავშესაფარი და ა.შ. ვალდებული იქნება გადაამოწმოს ძაღლის რეგისტრაცია, რაც გააადვილებს შემდგომ იმ ადამიანის მიკვლევას, ვინც ძაღლი ქუჩაში გააგდო. ასევე, ძალიან მკაცრად გაკონტროლდება ძაღლების გამრავლება.
დგინდება გარკვეული შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ მრავალბინიან კორპუსში, ბინაში ძაღლის რაოდენობასთან დაკავშირებით. საკუთრებაში იკრძალება 3-ზე მეტი ძაღლის ყოლა. ჩვენი კანონმდებლობა უკვე განსაზღვრავს იმ არეალებს, სადაც ცხოველის შეყვანა არ შეიძლება. ვერანაირად ვერ დავუშვებთ იმას, რომ შესაბამისი რეგულაციების გარეშე, იქ, სადაც ბევრი ბავშვია ერთად, ძაღლის უკონტროლო გადაადგილება, მათ შორის, მიკედლება იყოს დაშვებული,” – აცხადებს ბითაძე.