საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, დუბაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტში მონაწილეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრ აჰმედ ბელჰოულ ალ ფალასთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„შეხვედრის შემდგომ, მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განათლების სხვადასხვა საფეხურისა და მეცნიერების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ვიზიტების ორგანიზებას, ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ტრენერებისთვის, ექსპერტებისა და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარი და ალექსანდრე წულაძე საქართველოს პირველ ვიცეპრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებიან დუბაიში, სადაც პირველი ვიცეპრემიერი მიმდინარე SDGs in Action 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტზე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.