არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძეს ჰქონდა ძალიან რეალისტური პროგრამული მოხსენება
,,ირაკლი კობახიძეს ჰქონდა ძალიან რეალისტური პროგრამული მოხსენება, რომელიც იყო გააზრებული ერთი მხრივ საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებით, ასევე, კარგად აჩვენებდა საქართველოს ევროპულ ტრაექტორიას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მკაფიოდ ჩანდა, რომ პროგრამა მომავალზეა ორიენტირებული.
„პირველ რიგში, პრემიერობის კანდიდატს, ბატონ ირაკლი კობახიძეს ჰქონდა ძალიან რეალისტური პროგრამული მოხსენება, რომელიც იყო გააზრებული ერთი მხრივ საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებით, ასევე, კარგად აჩვენებდა საქართველოს ევროპულ ტრაექტორიას. ის ძირითადი ღირებულებები და მთავარი სექტორები, რომელიც შემდგომ პროგრესს მოითხოვს, თუ როგორ უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ძალიან მკაფიოდ ჩანდა, რომ პროგრამა იყო მომავალზე ორიენტირებული, თუმცა, ბატონმა კობახიძემ შეაჯამა წინა წლებში მიღწეული პროგრესი. ისაუბრა დღევანდელ მოცემულობებზე, სად არის დღეს ქვეყანა, რა შესაძლებლობებია, რა გამოწვევებია და ასევე, ყველაზე მეტი დრო დაუთმო შემდეგი 10 თვის გეგმებს. ასევე ისაუბრა საშუალოვადიან და გრძელვადიან ამოცანებზე. მან ისაუბრა პრაქტიკულად, ყველა იმ მთავარ მიზანსა და სტრატეგიული ამოცანაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დღის წესრიგშია. მოხსენების პოზიტიური მხარე იყო ისიც, რომ მსმენელს, ჩვენს თანამოქალაქეებს შეექმნათ ნათელი წარმოდგენა თუ საით მოძრაობს ჩვენი ქვეყანა და რას გეგმავს ხელისუფლება, მთავრობა მომავალში. რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათი ოჯახებისთვის მთავარი სწორედ ესაა, რომ მომავალი იყოს განჭვრეტადი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.