არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძის გამოსვლისას ვნახეთ ოპოზიციის შეცვლილი ტონი
,,ირაკლი კობახიძის გამოსვლისას ვნახეთ ოპოზიციის შეცვლილი ტონი. ეს გულწრფელი იყო თუ გარკვეული ტაქტიკური ცვლილება, ყოველ შემთხვევაში, განპირობებული იყო იმით, რომ ისინი ხედავენ საპარლამენტო სივრციდან მოსულ პოლიტიკურ ლიდერს, ძლიერ ოპონენტს, რომელმაც კარგად იცის შიდა პოლიტიკა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.
„პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცედურის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის საპარლამენტო გამოცდილება ნამდვილად უპირატესობაა. ვნახეთ ოპოზიციის შეცვლილი ტონიც. ეს გულწრფელი იყო თუ გარკვეული ტაქტიკური ცვლილება იყო, ყოველ შემთხვევაში განპირობებული იყო იმით, რომ ისინი ხედავენ საპარლამენტო სივრციდან მოსულ პოლიტიკურ ლიდერს, ძლიერ ოპონენტს, რომელმაც კარგად იცის შიდა პოლიტიკა, ოპოზიციის წარსული, მისი დღევანდელი რესურსი, ამიტომ კითხვა-პასუხს, გამოსვლებსაც ეს ნამდვილად ეტყობოდა.
რაც შეეხება გუნდს და პარლამენტთან თანამშრომლობას, ირაკლი კობახიძეს აქვს და რა თქმა უნდა, ექნება პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა, ვინაიდან ჩვენ ერთად ვართ პასუხისმგებელი იმ პროგრამასა და პირობებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მივეცით. ერთად ვართ პასუხისმგებელი იმაში, რომ დავიცვათ უსაფრთხოება და მშვიდობა, ქვეყანას მოვუტანოთ მეტი წარმატება, მეტი ეკონომიკა, ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ, ევროინტეგრაციაში მივაღწიოთ მეტ პროგრესს და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა დავუახლოოთ იმ ისტორიულ ამოცანას, რომელიც დღეს არის ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი ეროვნული დღის წესრიგის. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ამაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ბატონმა ირაკლი კობახიძემ. მჯერა, რომ ჩვენი სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ. მომავალში შესაძლებელი გახდება, რომ ჩვენ ომითა და მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.