ალეკო ელისაშვილი: რა იყო დღეს, რაც ქნეს „ლელოს“ და გახარიას პარტიამ? მერე უკვირთ, ოპოზიციას რატომ დაგვცინის ხალხი
ბოდიში „ლელოს“ და გახარიას შემადგენლობასთან, მაგრამ „ნაცებთან“ და „ქოცებთან“ არ დავსხდებითო ისეთი ხალხი საუბრობს, რომლებიც „ნაცებიც“ იყვნენ და „ქოცებიც“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მერე უკვირთ ოპოზიციას, რატომ დასცინის ხალხი და რატომ არ უყურებს მათ სერიოზულად.
„ბოლო დროს მლანძღავენ იმის გამო, რატომ არ ილანძღებიო. ვცდილობ, რომ არგუმენტებით ვილაპარაკო და ძალიან ვიკავებ თავს, როდესაც ოპოზიციონერ კოლეგებზე ვლაპარაკობ. ვიკავებ თავს, რომ თავს არ დავესხა და რაც მახასიათებდა, რომ გავშლიდი ფრთებს და დრაკონივით ვილანძღებოდი, ეგ არ ვქნა, მაგრამ რა იყო დღეს რაც ქნეს „ლელოს“ და გახარიას პარტიამ?! – გუშინ, რაც თქვეს ოფიციალურად და რეალური მიზეზი ის იყო, რომ არ უნდოდათ თინა ბოკუჩავას სხდომა წაეყვანა. ბოდიში „ლელოს“ და გახარიას შემადგენლობასთან, მაგრამ „ნაცებთან“ და „ქოცებთან“ არ დავსხდებითო ისეთი ხალხი საუბრობს, რომლებიც „ნაცებიც“ იყვნენ და „ქოცებიც“. ზოგიერთი იმ პარტიაშიც იყო და ამ პარტიაშიც და ახლა მე მასწავლიან ჭკუას, იქ არ დაჯდე, შეიძლება უცებ „განაცდეო“. შეხედეთ, მე გულზე არ მეხატება და არ მახარებს ის ამბავი, რომ ყველაზე მეტი დეპუტატი ოპოზიციიდან დღეს პარლამენტში ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ კანონის უზენაესობა რა არის – რაც მოგწონს იმას დაემორჩილები და რაც არ მოგწონს, არაა – ეს ხომ არ არის კანონი?! – კანონი არის კანონი. ყველაზე მეტი დეპუტატი ვისაც ჰყავს ოპოზიციაში, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრას ლოგიკურად და სამართლიანად უნდა ხელმძღვანელობდეს ის – თინა ბოკუჩავა. მე მერჩივნა ჩემს თანაპარტიელ, ქეთი თურაზაშვილს წაეყვანა, მაგრამ ჩვენი მხოლოდ 2 მანდატი არის. დღეს ეს მოცემულობაა. მე არ მეხატება „ნაცმოძრაობა“ გულზე, მაგრამ რახან ისინი არიან, წაიყვანოს მეთქი, რა პრობლემაა?! – აქ არის საუბარი მოდერატორობაზე, ჩემს უფროსად ხომ არ ამირჩევია თინა ბოკუჩავა?! – ამაზე ვიღაცები აიჯაგრნენ და კი, ეს იყო რეალური მიზეზი და თქვეს, რომ „ნაცებთან“ და „ქოცებთან“ დაჯდომა არ გვინდაო. მერე უკვირთ ოპოზიციას, რატომ დაგვცინის ხალხი და რატომ არ გვიყურებს სერიოზულად. ასეთი რაღაცები მაცოფებს… გუშინ ხომ სესიაზე ერთად ვისხედით, ხვალაც ხომ „ნაციონალებიც“ იქნებიან დარბაზში და „ქართული ოცნების“ წევრებიც, ანუ ოთხშაბათი არ უყვართ?! – დღეს რა იყო, ჭიკარტები დაგვიწყვეს სკამზე?!“ – აღნიშნა ელისაშვილმა.