ილია მეორე: მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
„მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის; მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი.
სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა.
ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას“, – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.