თეა წულუკიანი: მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში – ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ რამეს ვაფუჭებთ, დასრულდება სასამართლოში
“სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან მოგვეცა მითითება, რომ გელათში აღარ ვიმუშაოთ”,- ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ცილისწამება სასამართლოთი დასრულდება.
“400-მდე პროექტი დაფინანსდა კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რომლის ჯამური ბიუჯეტი შარშან გახლდათ 14 მილიონ 800 000 ლარი. წელს კულტურის მიმართულებით არ გაზრდილა. საანგარიშო პერიოდში ვვარაუდობთ არანაკლებ იმავე ოდენობის პროექტების დაფინანსებას, რომელიც ძირითადად ფინანსდება კონკურსის წესით.
აქ ბევრ საუბრობენ გელათზე და, სამწუხაროდ, მე ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც არ ვაკეთებ, მე პასუხს ვერ ვაგებ. სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში. ვაპირებ, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რამეს ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში”, – აცხადებს წულუკიანი.