2024 წელს მასწავლებლების ხელფასი იზრდება – ამილახვარი განმარტავს, ვის შეეხება ანაზღაურების ზრდა
2024 წელს მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება, – ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, რომ მასწავლებელთა ანაზღაურება სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება.
ამილახვარმა სიტყვით გამოსვლისას მასწავლებელთა მხარდამჭერ ინიციატივებზე ისაუბრა.
“უპრეცედენტოდ გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება. სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შეიცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა და მნიშვნელოვნად გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება. 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით. საშუალოდ 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება“, – განაცხადა ამილახვარმა.