ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან საქართველოში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
ელჩის განმარტებით, ევროკავშირი, მზად არის, იმუშაოს საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან.
„რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებას. მესმის, რომ ირაკლი კობახიძე ჯერ მხოლოდ წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში მიიღებს. ასე რომ, ველოდებით ოფიციალურ წარდგენას პარლამენტის მიერ. უკვე განვაცხადე, რომ ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრთან და დროებით მთავრობასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან“, – აღნიშნა ელჩმა.