მედია: 2022-2023 წლებში მოლდოვურმა კომპანიებმა რუსეთს 15 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავის ნაწილები მიაწოდეს

სამმა მოლდოვურმა კომპანიამ 2022-2023 წლებში რუსეთს, ჯამში, დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები მიაწოდა.

ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” მოლდოვური ბიუროს გამოძიებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მიწოდება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო. დასავლური ნაწილები ხვდებოდნენ რუსული ავიახაზების თვითმფრინავებში, როგორებიცაა Pobeda და S7 Engineering.

სქემაში სამი მოლდოვური კომპანია იყო ჩართული – Airrock Solutions, Aerostage Services და Maxjet Service. სამივე კომპანია ასრულებდა შუამავლის ფუნქციას – ახორციელებდა ნაწილების შეკვეთას და შემდეგ, მონაწილეობდა რუსეთში ტრანსპორტირებაში, ზოგჯერ, პირდაპირ რუსეთის აეროპორტებში. თუმცა, მიწოდება მოლდოვის ტერიტორიის გავლით არ ხდებოდა.

კომპანიების მფლობელებმა ივან მელნიკოვმა და სერგეი რანგამ “რადიო თავისუფლებას” განუცხადეს, რომ არაფერი იცოდნენ მათი კომპანიების მიერ განხორციელებული კონტრაქტების შესახებ, რადგან, თითქოს, ხელშეკრულებით ნაწილები დსთ-ს სხვა ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი.

გამოძიებაში ნათქვამია, რომ ამ სიტუაციის მიზეზი, შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ მოლდოვა ევროკავშირის ზოგიერთ სანქციებს არ შეუერთდა, მაგალითად, რომლებიც ავიაციის ნაწილების მიწოდებასთან არის დაკავშირებული.

“რადიო თავისუფლების” წყაროებმა მოლდოვის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ მათთვის ასეთი შემთხვევების შესახებ ცნობილია, და, რომ საკითხით „კომპეტენტური ორგანოები“ უკვე არიან დაკავებული. გარდა ამისა, კიშინიოვი ევროკავშირის სხვა სანქციებთან შეერთების შესაძლებლობას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები