“შეთანხმების მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის სანდოობისთვის” – სამიტამდე ერთი დღით ადრე, შარლ მიშელმა წერილი გამოაქვეყნა
ევროკავშირის სამიტის წინ, რომელიც 1-ელ თებერვალს გაიმართება და რომელზეც უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარების ბედი უნდა გადაწყდეს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მიშელი შეთანხმების მიღწევის კრიტიკულ აუცილებლობას უსვამს ხაზს.
ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.
“შეთანხმების მიღწევა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი სანდოობისთვის – და არანაკლებ, ჩვენი ვალდებულებისთვის, გავუწიოთ ურყევი მხარდაჭერა უკრაინას. გადაწყვეტის პოვნასა და მის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება”, – თქვა მიშელმა.
მისი თქმით, სამიტზე ლიდერები, ასევე, გამოიყენებენ შესაძლებლობას, რომ საგანგებოდ გადახედონ უკრაინის სამხედრო დახმარების ყველა ასპექტს.
„ეს მოიცავს საბრძოლო მასალის მიწოდებას, 2023 წლის მარტის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად და ევროკავშირის შესაბამისი ინსტრუმენტების კორექტირებას სწრაფი დახმარებისთვის. ამისათვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შემოწირულობები, შეკვეთების ადაპტირება და ახალი შეკვეთების განთავსება, რაც, ასევე, ხელს შეუწყობს ჩვენი ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებას“, – განმარტა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
სამიტზე, ასევე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების განხილვა იგეგმება.
”რეგიონული შემაშფოთებელი მოვლენების ფონზე, ჩვენ უნდა მივმართოთ უსაფრთხოების საკითხებს, გავაგრძელოთ თავშეკავების წახალისება და განვიხილოთ ზომები შემდგომი რეგიონული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით წითელ ზღვაში. გარდა ამისა, ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავეხმაროთ ღაზაში დამანგრეველი ჰუმანიტარული სიტუაციის მოგვარებაში. და ბოლოს, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ უნდა აღვადგინოთ პოლიტიკური პროცესი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის – ერთადერთი ეფექტური ვარიანტის, რომელსაც შეუძლია მდგრადი მშვიდობის მოტანა, როგორც ისრაელელებისთვის, ასევე, პალესტინელებისთვის და გააძლიეროს რეგიონალური უსაფრთხოება“, – ნათქვამია წერილში.