მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მთავარია ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მაქსიმალურად შევძლოთ ობიექტური ინფორმაციის მიტანა ევროკავშირის დედაქალაქებამდე​

“ჩვენთვის მთავარია ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი, ურთიერთობის ყველა მიმართულებით გაღრმავება, რათა მაქსიმალურად შევძლოთ ობიექტური ინფორმაციისა და რეალობის მიტანა ბრიუსელამდე და ევროკავშირის დედაქალაქებამდე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად და ზოგადად, პროცესის ტექნიკურად წარმართვისთვის.

„ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი და ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ გეოპოლიტიკური მოცემულობისა და ერთი ფაქტორის შედეგი. ეს იყო ბრძოლა, დიდხნიანი, განსაკუთრებით გამძაფრებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვეთ და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი.

რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ვინაიდან ეს არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. როგორც ჩანს, ეს ბრძოლაც ამ პროცესის თანმდევი იქნება. იმედი მაქვს, ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები გადაწყვეტილებებს იღებენ საკითხის ღრმად შესწავლის შემდეგ. ჩვენ ეს ვნახეთ – უკრაინასა და მოლდოვას ერთი წლით ადრე მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ მეტი დრო დაგვჭირდა, რომ გვეშრომა და დაგვემტკიცებინა რაღაცები, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ადრე თუ გვიან ეს აისახება ევროკავშირის ანგარიშებში და ჩვენთვის მთავარი ეს არის – ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი, ურთიერთობის ყველა მიმართულებით გაღრმავება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ობიექტური ინფორმაციისა და რეალობის მიტანა ბრიუსელამდე და არა მხოლოდ ბრიუსელამდე, ევროკავშირის დედაქალაქებამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად და ზოგადად, თუნდაც პროცესის ტექნიკურად წარმართვისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები