მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვიძიოთ ის შესაძლებლობები, რაც განავითარებს საერთაშორისო თანამშრომლობას

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვიძიოთ ის შესაძლებლობები, რაც განავითარებს საერთაშორისო თანამშრომლობას და შესაძლებლობას მოგვცემს, ევროკავშირის მასშტაბით არსებული ახალი ტენდენციები უკეთ გამოვიყენოთ ჩვენს განვითარებაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომ კანდიდატ ქვეყნებს იგივე შესაძლებლობები აქვთ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად, როგორიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

„ბრიუსელისთვის და ბელგიის თავმჯდომარეობისთვის ურბანული განვითარება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რაც ადგილობრივ დონეზე ჩართულობის გარდა გულისხმობს ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი პოლიტიკური ჩარჩოების შემუშავებას. რა თქმა უნდა, ამაში საკანონმდებლო ორგანოების მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვისაც ეს არის ახალი გამოცდილება. აქ ჟღერდება ისეთი საკითხები, რომლებიც ჩვენთვისაც ძალიან აქტუალურია, იქნება ეს გარემოს დაცვა, ფინანსების განაწილება, მოქალაქეების ჩართულობა დიდ პროექტებში და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ამ ღონისძიებაში და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან გამოცდილება გავიზიაროთ. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ იმ პრიორიტეტებზე, რაც დგას საქართველოს ურბანული განვითარების დღის წესრიგში და ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვიძიოთ ის შესაძლებლობები, რაც განავითარებს საერთაშორისო თანამშრომლობას და შესაძლებლობას მოგვცემს, ევროკავშირის მასშტაბით არსებული ახალი ტენდენციები უკეთ გამოვიყენოთ ჩვენს განვითარებაში. კანდიდატი ქვეყნების მონაწილეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის სერიოზულ მიდგომას გაფართოების საკითხისადმი. დღეს უკვე ნებისმიერი საკითხი, რაც ევროკავშირის დღის წესრიგში დგას, აღარ განიხილება კანდიდატი ქვეყნების მონაწილეობის გარეშე. ყოველ შემთხვევაში საპარლამენტო მიმართულებით ეს ასეა და ამის დასტურია ეს ღონისძიებაც. მნიშვნელოვანი და საინტერესოა ეს მომენტი, რომ კანდიდატ ქვეყნებს იგივე შესაძლებლობები აქვთ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად, როგორიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაცია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქშია. ბრიუსელის პარლამენტში დილიდან კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ევროკავშირის ურბანულ პოლიტიკას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები