გიორგი ვოლსკი: არასოდეს გამიგია, რომ ჩინეთის ექსპერტი ყოფილიყოს თინა ხიდაშელი
“არასოდეს გამიგია, რომ ჩინეთის ექსპერტი ყოფილიყოს თინა ხიდაშელი. ზოგადად, განათლებული ქალია და საიდანაც დაფინანსება აქვს, იმ ინტერესებს ემსახურება. ეს ფაქტია”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი საქართველოს ჩინეთთან დაახლოების პროცესთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებებს.
„რაც შეეხება ტაივანის, ის არ არის აღიარებული არც შეერთებული შტატების, არც ევროკავშირის მიერ და ყოველთვის ფართოდ შუქდებოდა მისი და ჩინეთის ურთიერთობების პერიპეტიები, მათ შორის სამომავლო თანამშრომლობის გარკვეული მიმართულებები, რაშიც, რასაკვირველია, საქართველო დაინტერესებულია. აი, ამის მონათვლა გარკვეულ ასპექტში, რასაც თინა ხიდაშელი მიჰყვება, არის პოლიტიკური უზნეობა. გარკვეულწილად, შეიძლება პოლიტიკური კორუფცია დავარქვათ. ტაივანიდან იღებს დაფინანსებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის წინაპირობა იყო ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, პოლიტიკური ასპექტებიც არის ამაში ჩადებული და რასაკვირველია, პოლიტიკური კორუფცია შეიძლება ამიტომ ვუწოდოთ“, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობასა და ჩინური ინვესტიციების ჩვენს ქვეყანაში შემოდინებაზე სიმართლეს ყველაზე უკეთ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ ოფიციალური სტატისტიკა ასახავს, სადაც მისივე თქმით, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩანს, ხელისუფლების სრული ფიასკო ჩინური ინვესტიციების მოზიდვის გზაზე, განსაკუთებით მაშინ როდესაც დიდ ინტერესსა და „უსაზღვროდ გაღრმავებულ“ ურთიერთობებზე საუბრობენ.