მიხეილ სარჯველაძე: რა თქმა უნდა, ბრუტალურ ძალებს ივანიშვილი არ ეყვარებათ
„ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით განწყობას განაპირობებს ერთადერთი ფაქტორი – ის ბრუტალური ძალების ხელისუფლებაში დაბრუნების წინაღობაა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრა, მიხეილ სარჯველაძემ ფონდ “ქართუს” განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა ბევრი საგანძური გადაარჩინა.
“რა თქმა უნდა, ამ ბრუტალურ ძალებს ივანიშვილი არ ეყვარებათ. და არა იმის გამო, რომ, მაგალითად, ქველმოქმედებას უწუნებენ ან რაღაც სხვა მიზეზი აქვთ, რომ აკრიტიკონ. არავითარი მიზეზი არ აქვთ და თხზავენ ამ მიზეზებს. აქედან გამომდინარე, ხომ უნდა მოიფიქრონ რაღაც, რითაც გაამართლებენ თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას და გადაფარავენ იმას, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ კაცმა ბევრი ჩვენი ეროვნული ფასეულობა და საგანძური გადაარჩინა. ამ სამსახურში დგას რამდენიმე მედიასაშუალება, რომელიც არის პირდაპირ პარტიული მედიასაშუალება“, – აცხადებს სარჯველაძე.
ცნობისთვის, ფონდმა „ქართუმ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ“.