მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციისგან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ ნეგატიური კამპანია ისევ ისმის – ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისა და პატრიარქისგან ხელები შორს წაიღონ

„ოპოზიციის მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ აღვირახსნილი და ნეგატიური კამპანია ისევ ისმის. ბუნებრივია, ამ საკითხებზე პასუხების გაცემა არის საჭირო”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიტიკა ზღვარს არ უნდა გასცდეს.

“ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისა და პატრიარქისგან ხელები შორს წაიღონ და დაანებონ თავი. არ მგონია, რომ გამოხატვის ის ფორმები, რასაც ცალკეული პირები იყენებენ, რაღაცნაირად დასაშვები იყოს, რადგან ეს შეურაცხყოფს სასულიერო პირების ღირსებას და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ისე უნდათ სიტუაციის წარმოჩენა, რომ თითქოს, ეს არის გამოხატვის რაღაც შეზღუდვა. კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის საშუალება ყველას აქვს, აქ საუბარია დამახინჯებული ფორმებით მსჯელობაზე. ყველა კარგად ხვდება, რომ უზარმაზარი ავტორიტეტული ორგანიზაციის იმიჯის შელახვის მცდელობა აქვს ბევრს. მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულად დიდი ავტორიტეტის მქონე დაწესებულებაა, რომელსაც მათ შორის ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს. ამ ყველაფერს მხოლოდ ის არ გვალაპარაკებს, რომ მართლმადიდებელი ვარ. ზოგადად საუბარია ნებისმიერი აღმსარებლობის თავისუფლებაზე და რა თქმა უნდა, უზარმაზარ პატივისცემაზე, რომლითაც განმსჭვალული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცდილობს, კრიტიკული მოსაზრება გამოხატოს – კრიტიკის უფლება აქვს, მაგრამ ზღვარს არ უნდა გასცდეს, როცა გამოხატვის ფორმებს შეარჩევს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები