შალვა პაპუაშვილი: თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს 

“რაღაც ანტიჩინური განწყობების შექმნის მცდელობაა. განსაკუთრებით გამორჩეულია თინა ხიდაშელი, “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხიდაშელმა, როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გარკვეულ კითხვებს უნდა უპასუხოს.

“ცალკე საკითხია, აქაც იმ პრობლემას რომ ვუბრუნდებით, პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებული არიან “ენჯეო” სექტორში და, სინამდვილეში, პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ამავე დროს, ფაქტია, ის ფინანსდება ტაივანის მხრიდან, არის ოფიციალური ფონდები და გასაგებია, რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე, ის ცდილობს, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. ჰკითხეთ მას საჯაროდ, მაინტერესებს, ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს თუ არა? რა დამოკიდებულება აქვს ტაივანის მიმართ, რომლისგანაც ის ფულს იღებს? საინტერესოა, რადგან საქმე გვაქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, რომელსაც, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა, ახლა რომ არის ლობიზმით დაკავებული არაღიარებული სახელმწიფოს დაფინანსებით, მგონი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები