იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და პარტიებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებენ, რა მოლოდინი აქვთ, რომ საერთოდ ხმას მიიღებენ ქვეყნის მოქალაქეებისგან – შალვა პაპუაშვილი
“გუშინ იყო საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ქვედანაყოფის შექმნასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ეს ხალხი ჭკუას ვერ სწავლობს და ამის განაჩენს ისინი წლის ბოლოს, არჩევნებზე იხილავენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.
„კიდევ ერთხელ, პრობლემა არ არის იმაში, როგორი სტრუქტურა აქვთ, როგორ გადაჯგუფდებიან. პრობლემა არის მათ ფილოსოფიაში. იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და პარტიებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებენ, რა მოლოდინი აქვთ, რომ ისინი საერთოდ ხმას მიიღებენ ქვეყნის მოქალაქეებისგან, როდესაც ხედავენ, რომ მათი კუთვნილ ტელევიზიებს შობის საღამოს გაჩაღებული ჰქონდათ მრევლის შევიწროებისა და ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და როდესაც ხედავენ ისინი, რომ ყველა მათი ნაბიჯი მიმართულია საქართველოს ეროვნული, მათ შორის, უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ, შანსები როგორც არ ჰქონდათ ბოლო 12 წლის განმავლობაში, ასევე არ ექნებათ შემდგომაც.
საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს უნდა შეხედონ, მათი დამსახურებაა ის, თუ რა პრობლემებიც აქვთ. ნებისმიერი კვლევა აიღეთ, რა თანაფარდობები არის ოპოზიციასა და ჩვენს პარტიას შორის, ოღონდ კეზერაშვილის შეკვეთილ კვლევას მაინც და მაინც ნუ ენდობით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.