გურამ ჭარელაშვილი: სამებაში მომხდარმა ვანდალურმა ფაქტმა ბევრი რამის ლუსტრაცია მოახდინა და გვაჩვენა ჩვენი „დიაგნოზი“, რომ ისევ ვქჩარობთ და ისევ შეურაცხვყოფთ

მინიმუმ თვალთმაქცობაა, ამბობდე, პატივს ვცემ პატრიარქს, მიყვარს ეკლესია და, მეორე მხრივ, შეურაცხყოფას აყენებდე მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ სამსახურსა და ადამიანებს, რომელთაც პატრიარქმა ნდობა გამოუცხადა, – ამის შესახებ წმ. ბარბარეს ტაძრის მღვდელმსახური გურამ ჭარელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სამებაში მომხდარმა ვანდალურმა ფაქტმა ბევრი რამის ლუსტრაცია მოახდინა და „გვაჩვენა ჩვენი „დიაგნოზი“, რომ ისევ ვქჩარობთ! ისევ არ ვენდობით! ისევ არ ვუსმენთ! ისევ შეურაცხვყოფთ! და ისევ არ გვიყვარს ერთმანეთი!“.

„მინიმუმ თვალთმაქცობაა, ამბობდე, პატივს ვცემ პატრიარქს, მიყვარს ეკლესია და, მეორე მხრივ, შეურაცხყოფას აყენებდე მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ სამსახურსა და ადამიანებს, რომელთაც პატრიარქმა ნდობა გამოუცხადა.

ასევე არაქრისტიანულია, იცავდე სიწმინდეს და მეორე „ხელით“ შენივე ეკლესიის წევრებს  შეურაცხყოფდე, ცილს სწამებდე, „ანგრევდე“ და მოსაკლავად იმეტებდე ადამიანს, ადამიანს, რომელიც შენს ეკლესიაში მთავარ ფასეულობას წარმოადგენს…

დღევანდელმა მწარე რეალობამ ისევ ორი მხარე გამოკვეთა, ერთი მხრივ, გვყავს სტალინის ტირანული მეთოდებით მოქმედნი (ვისაც აქამდეც კარგად ვიცნობდით), რომლებსაც ჰგონიათ, რომ „მელნის“ გამოყენებით დადგებიან „დასავლურ რელსებზე“…

ხოლო  მეორე, რომლებიც ფიქრობენ, რომ საპატრიარქო, პატრიარქი, ეკლესია და ღმერთიც კი, მათი დასაცავია და ყველაში ეჭვი ეპარებათ, თუ მათ შეხედულებებს არ ეთანხმებიან!!!…

„ერთს“ ავიწყდება, რომ არსებობს იერარქია, მორჩილება, ღმერთის ნება და ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა და სიწმინდე; ხოლო „მეორენი“ პირველის დაცინვა და შეურაცხყოფით გაერთიანებულან და მთავარ საკვებად ზიზღი გაუხდიათ…

სამწუხაროა, რომ არცერთ მხარეს არ უყვარს საწინააღმდეგო აზრის მოსმენა…

ამ პოსტის მიზანი არ არის სამსახურის ან მისი რომელიმე წარმომადგენლის დაცვა, რადგან ამ სამსახურში პირველივე დღეებიდან არ მოგკვლებია (განსაკუთრებით – მამა ანდრიას) ჩირქი და ცილისწამება, და არ ვართ ნაჩვევი მადლობებსა და შექებებს…

ამ პოსტის მიზანია, უბრალო  შეხსენება მათთვის, რომ უკვე 30 წელზე მეტია დავდივართ „წრებრუნვაზე“ – გულზე მჯიღის ცემისა, ერთმანეთზე „გადავლისა“ და ეგზალტირებული მიტინგებით მტყუან-მართლის დადგენისა…

ჩემი აზრით, სამებაში მომხდარმა ვანდალურმა ფაქტმა ბევრი რამის ლუსტრაცია მოახდინა და გვაჩვენა ჩვენი „დიაგნოზი“, რომ:

ისევ ვქჩარობთ!

ისევ არ ვენდობით!

ისევ არ ვუსმენთ!

ისევ შეურაცხვყოფთ!

და ისევ არ გვიყვარს ერთმანეთი!!!

და ისევ ყველა საკუთარ თავზე მორგებულ სახელმწიფოს თუ ეკლესიას ვაშენებთ…

არადა ისევ ჩვენი „ასაშენებელია“…!“, – წერს გურამ ჭარელაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები