დღეს ცნობილი ქართველი მსახიობი გურამ საღარაძე 95 წლის გახდებოდა

დღეს ცნობილი ქართველი მსახიობი გურამ საღარაძე 95 წლის გახდებოდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს გურამ საღარაძის ხსოვნას და ქართული სამსახიობო ხელოვნების განვითარებაში შეტანილ მის უდიდეს წვლილს.
გურამ საღარაძის პროფესიული განათლება თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტს უკავშირდება, რომელიც 1951 წელს დაამთავრა და იმავე წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
აღსანიშნავია მსახიობის მიერ რუსთაველის თეატრის სცენაზე შესრულებული როლები: სოსო (ო. იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“), თეზევსი, მასხარა, იულიუს კეისარი, კუდიანი, სერ ტობი ბელჩი (შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე ლირი“, „იულიუს კეისარი“, „მაკბეტი“, „შობის მეთორმეტე ღამე“) , ჰეილი (მილერის „სეილემის პროცესი“), ტიპოტესკუ (კარაჯალეს „დაკარგული ბარათი“), დურსუნი და ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“ და „საბრალდებო დასკვნა“), მინდია (კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), შუ ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ და „კავკასიური ცარცის წრე“), ტომი (ტ. უილიამსის „შუშის სამხეცე“), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“), უჩა (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), გრიშა (რ. ჰარვუდის „მოხუცი ჯამბაზები“) და სხვა.
მან საინტერესო პერსონაჟები განასახიერა „თეატრალური სარდაფის“ სცენაზეც, კერძოდ: კურტი (სტრინდბერგის „სიკვდილის როკვა“), კლავდიუსი (შექსპირის „ჰამლეტი“).
გურამ საღარაძე მხატვრული კითხვის გამორჩეული და საქვეყნოდ აღიარებული ოსტატია. მის მიერ ახმიანებული ქართული და უცხოური პოეზიის საუკეთესო ნიმუშები არაერთი თაობის მაყურებელთა აღფრთოვანებას იწვევს.
მსახიობი მონაწილეობდა მრავალ ტელე- და კინოფილმში; მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია. 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1973 წელს კი – საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1976 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო, 1979 წელს – სსრკ-ის სახელმწიფო, ხოლო 1999 წელს – საქართველოს სახელმწიფო პრემიები. მსახიობი 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. იმავე წელს მიიღო ლვოვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. 2001 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
2006 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნა გურამის საღარაძის სახელობის ვარსკვლავი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები