“მიჭირს იმის თქმა, თუ რა განთავსდება იქ; ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზა მუშაობას, სავარაუდოდ, წელს დაიწყებს” – სერგეი შამბა
ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზამ მუშაობა შესაძლოა, წელს დაიწყოს, – განაცხადა ე.წ.უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ.
მისი ინფორმაციით, ოჩამჩირის ნავსადგურში სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, მიმდინარეობს დაპროექტება.
„მაგრამ მისი ფუნქციონირება შესაძლოა, წელს დაიწყოს, თუმცა, მიჭირს გაშვების ზუსტი დროის დასახელება, ასევე – იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა განთავსდება ამ პუნქტში. ეს იქნება განთავსების პუნქტი, როგორც ეს ხელშეკრულებაშია გაწერილი,” – თქვა მან.
შამბამ აღნიშნა, რომ “აფხაზეთში რუსული გემების ბაზირების პუნქტის გახსნა ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას და სულისკვეთებას პასუხობს”.
„რუსეთმა აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო და ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ისინი. 2008 წლიდან ზღვაზე გემების დაკავების ინციდენტი არ გვქონია. მშვიდია ვითარება სასაზღვრო ზონაშიც. შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებები აფხაზურ მხარესაც აქვს და ჩვენც ვასრულებთ მათ“, – აღნიშნა შამბამ.
უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურმა, ვიცეადმირალმა ალექსი ნეეჟპაპამ “უკრაინსკა პრავდა”-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო გემების ბაზა უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.
“ჩვენთვის ლეგიტიმური სამიზნეა ნებისმიერი გემი, რომელიც ატარებს რუსეთის საზღვაო ძალების წმინდა ანდრიას დროშას. სადაც უნდა იყოს ის, მსოფლიოს ოკეანეების ნებისმიერ ნაწილში”,- თქვა მან.