გაეროს განახლებული მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მხოლოდ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად, 125 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა და 550-ზე მეტის დაშავება აღირიცხა.
ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) დირექტორმა, ედემ ვოსორნუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 19 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ხოლო რუსეთის საჰაერო დარტყმების უახლესმა სერიამ სახლების, სკოლების, საავადმყოფოების, ელექტრომომარაგების სისტემების და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.
გაერო კვლავ უსვამს ხაზს, რომ აგრესიის შედეგად მსხვერპლი გაცილებთ დიდია, თუმცა, ამის დოკუმენტირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის მონაცემებით, ომის დაწყებიდან,საკუთარი სახლები, დაახლოებით 6,3 მილიონმა უკრაინელმა დატოვა, მათი უმეტესობა – დაახლოებით 5,9 მილიონი – ევროპის ქვეყნებში გადავიდა, თვითონ უკრაინაში, დაახლოებით 3,7 მილიონი დევნილია.