სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი ხელოვანის, კინორეჟისორის, სცენარისტისა და მხატვრის, სერგო ფარაჯანოვის, დაბადებიდან 100 წელი გავიდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საიუბილეო წელი საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებით, მათ შორის, ხელოვანის ნამუშევრების გამოფენით უნდა აღინიშნოს.
„სერგო ფარაჯანოვმა 1940-იან წლებში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, თბილისის კონსერვატორიაში, მიიღო განათლება, 1952 წელს კი დაამთავრა ВГИК-ის სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილება (ი. სავჩენკოს სახელოსნო). დიპლომი დაიცვა ფილმით „მოლდავური ზღაპარი“ (მ/მ, 1952).
ფერის ექსპრესიისა და პოეტური მეტაფორის ძიების ნიშნები იმთავითვე გამოჩნდა მის სადებიუტო ფილმში „ანდრიუშა“ (ი. ბალაზიანთან ერთად, ე. ბუკოვის ზღაპრის მიხედვით, 1954). მან გადაიღო მხატვრული და სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმები:„პირველი ჭაბუკი” (1953), „დუმკა” (1957), „ნატალია უჟევოი“ (1957), „ოქროს ხელები” (1957), „სოფლის თვალი“ (1958), „უკრაინული რაფსოდია“ (1961), „ყვავილი ქვაზე” (1962) და სხვა.
1964 წელს გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ – კინემატოგრაფიული გამომსახველობის თვალსაზრისით ნოვატორული ნამუშევარი, რომელშიც უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსის – მიხეილ კოციუბინსკის მოთხრობის ფოლკლორულთან მიახლოებული სიუჟეტი ადამიანის ცხოვრების მისტერიად აქცია. ფილმს აღფრთოვანებით შეხვდნენ მთელ მსოფლიოში (საერთაშორისო კინოფესტივალების 16 პრიზი, მათ შორის – პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის და FIPRESCI-ს პრიზი მარ დელ პლატის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1965 წელს; „ფესტივალთა ფესტივალის“ თასი, რომში, 1965 წელს; საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი„ნოვატორობისა და ნიჭიერი ძიებისათვის“ 1965 წელს და სხვ.).
ფარაჯანოვი აქტიურად ილაშქრებდა ცენზურის წინააღმდეგ და, კულტურის სხვა მოღვაწეებთან ერთად, აპროტესტებდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. 1968 წელს ხელი მოაწერა პროტესტს უკანონო პოლიტიკური სასამართლო პროცესების წინააღმდეგ.
„ბურჟუაზიული ნაციონალიზმის“ წინააღმდეგ გამოცხადებული „კუდიანებზე ნადირობის“ ხანაში მან დროებით დატოვა კიევი. 1967-70 წლებში მუშაობდა ერევნის სტუდიაში, სადაც გადაიღო დოკუმენტური ფილმი მხატვარ აკოფ ოვნათანიანზე (1967) და „კავკასიური ტრილოგიის“ პირველი ფილმი „საიათნოვა“ (1968), რომელიც ცენზორთა მოთხოვნით სხვაგვარად დაამონტაჟეს და ეკრანზე გამოვიდა სახელწოდებით „ბროწეულის ფერი“. ფარაჯანოვმა ამ ფილმში ყველაზე სრულყოფილად შეასხა ხორცი თავის ესთეტიკურ პრინციპებს და კავკასიის კოლორიტულ ისტორიულ ფონზე გამოსახა პოეტური სულის ბიოგრაფია.
უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, 1972 წელს, შეუდგა მუშაობას ფილმზე „კიევური ფრესკები“, მაგრამ ფორმალიზმის ბრალდებით გადაღება შეჩერებულ იქნა (შემორჩენილია მხოლოდ ფოტო და კინოსინჯები). 1973 წელს ცრუ დასმენის საფუძველზე იგი გაასამართლეს და ოთხი წელი (1973-77 წწ.) დაჰყო შრომა-გასწორების კოლონიაში. საპატიმროში ყოფნის დროს დაწერა სცენარი „გედების ტბა. ზონა“, რომელიც მოგვიანებით კინორეჟისორმა იური ილენკომ გადაიღო.
სერგო ფარაჯანოვი საპატიმროდან მხოლოდ მსოფლიოს შემოქმედებითი ინტელიგენციის ძალისხმევის შედეგად გათავისუფლდა, თუმცა მას კიევში ცხოვრება აეკრძალა და დაბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქში, თბილისში.
1981 წლის ოქტომბერში, მოსკოვში ყოფნისას, ფარაჯანოვმა თამამად დაიცვა იური ლიუბიმოვის სპექტაკლი, რამაც ცენტრალური ხელისუფლება გააღიზიანა. ფარაჯანოვის წინააღმდეგ შეთითხნეს ახალი საქმე და 1982 წლის თებერვალში დააპატიმრეს, თუმცა, იმავე წლის ოქტომბერში, ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის ჩარევით, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
1983 წელს, როგორც კი მუშაობის უფლება მიეცა, ფარაჯანოვი კვლავ დაუბრუნდა კავკასიის თემას და გადაიღო მრავალი საერთაშორისო პრიზის მფლობელი ფილმები: „ამბავი სურამის ციხისა“ (1984, დანიელ ჭონქაძის მოთხრობა „სურამის ციხისა “ და ხალხური ლექსის, „ზურაბის დედის ტირილის“, მოტივებზე) და„აშუღი ქერიბი“ (1988, მიხეილ ლერმონტოვის პოემის მიხედვით).
რეჟისორმა ამ ფილმებში ფერის, პლასტიკის, მუსიკისა და სიტყვის გულუბრყვილო და ირონიული, ბრძნული და გულკეთილი, უსაზღვრო ფანტაზიით აღსავსე განუმეორებელი სამყარო შექმნა. ფარაჯანოვმა თავისი შემოქმედებით დიდი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის კინემატოგრაფზე, სათავე დაუდო ახალ უკრაინულ კინოსა და „კიევის სკოლის“ ჩამოყალიბებას.
სერგო ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. დატოვა ოცამდე განუხორციელებელი სცენარი. გარდაცვალებამდე ავტობიოგრაფიული ფილმის – „აღსარების“ მხოლოდ ერთი სცენის გადაღება მოასწრო.
სერგო ფარაჯანოვმა შექმნა სახვითი ხელოვნების არაერთი ნიმუში, რომელთა შორისაა ნახატები, კოლაჟები, ინსტალაციები, ასამბლაჟები, უნიკალური თოჯინები, ქუდები, თავსაბურავები და კოსტიუმები.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს სერგო ფარაჯანოვის ხსოვნასა და ქართული და მსოფლიო კულტურის განვითარებაში შეტანილ მის უდიდეს წვლილს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები