„მეოთხე თაობის ომი: ნატოს და სამხრეთ კავკასიის კონტექსტი“- პოლონეთში  პროფესორ ვახტანგ მაისაიას წიგნი გამოიცა

პოლონეთში პოლიტიკის და სამხედრო მეცნიერებების დოქტორის, “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის” და პოლონეთის რესპუბლიკის  “იოზეფ გოლუხოვსკსის სახელობის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის”  პროფესორის, ვახტანგ მაისაიას მონოგრაფია გამოვიდა. ამის შესახებ მაისაიამ kvira.ge-სთან საუბრისას  განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო მეცნიერების მიმართულებით  წიგნი ნოემბერში გამოიცა  და მისი სახელწოდებაა  „მეოთხე თაობის ომი: ნატოს და სამხრეთ კავკასიის კონტექსტი“.

“აღნიშნული მონოგრაფია  პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ხელშეწყობით გამოიცა. წიგნს აკადემიურ მხარდაჭერას  “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი” და “იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი” უწევდნენ.

მონოგრაფიის გამოცემაში  პერსონალური წვლილი ქალბატონმა მანანა ლუჩაკმა და ქალბატონმა ინგა დვალიშვილმა შეიტანეს. უშუალოდ ამ მონოგრაფიის გამოცემის ინიციატორი  საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი მარიუშ მაშკევიჩი იყო.

მონოგრაფიის ოფიციალური პრეზენტაციები “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში” , “ვარშავის უნივერსიტეტსა” და “იეგელონის სახელობის კრაკოვის უნივერსიტეტში” გაიმართა. უახლოეს პერიოდში,   მომავალი წლის იანვარში  მონოგრაფიის პრეზენტაცია პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტსა  და უსაფრთხოების კვლევების ანალიტიკურ ცენტრში იგეგმება. კერძოდ, “ვარშავის ომის უნივერსიტეტში” და “რჟეჟოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში”, ასევე ევროპული გამოცემა „აღმოსავლეთ ევროპის მიმოხილვის“ რედაქციის ოფისში,  კრაკოვში.

მოცემული მონოგრაფია  უნიკალური მოვლენაა, რადგანაც  სამხედრო მეცნიერების და სამხედრო ხელოვნების ისტორიაში  პირველად მიმოიხილავს და აანალიზებს თანამედროვე შეიარაღებულ და სამხედრო კონფლიქტებს,  მეოთხე ომის თაობის კონცეფციის ფარგლებში.

მონოგრაფიაში  ნატოსა და პარტნიორ ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურებისთვის სპეციალური რეკომენდაციებია შემუშავებული. გამოცემა გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის და შვიდ თავს შეიცავს, შემუშავებულია სამეცნიერო-აკადემიური სტანდარტებით”- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები