ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ამოცანაა ხალხის ინტერესების დღის წესრიგით მუშაობა

“ჩვენ არ ვმუშაობთ ოპოზიციის დღის წესრიგით, ჩვენი ამოცანაა ხალხის ინტერესების დღის წესრიგით მუშაობა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მოსაზრებებს ფასი არ აქვს.

„საზოგადოებას რომ შევახსენოთ, ეს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ის ხალხია, რომელიც ამბობდა, რომ ამ მოწვევის პარლამენტში არ შემოვიდოდა. ეს ხომ გვახსოვს ყველას. ცალკეული ოპოზიციონერები ამბობდნენ, რომ პუფი იქნება ის, ვინც ამ პარლამენტში შევაო. შემდგომ ამბობდნენ, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას და ა.შ. ისიც ვერ წარმოედგინათ, რომ ჩვენ საგამოძიებო კომისიას შევქმნიდით საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით. ამის შემდგომ ამბობდნენ, რომ სამუშაო ჯგუფების შექმნას აზრი არ ჰქონდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ღიმილის მომგვრელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება. მანამდე ამბობდნენ, ევროკომისიამ როგორ შეიძლება საქართველოს ევროპერსპექტივას დაუჭიროს მხარი, როდესაც „ქართული ოცნება“ მართავს ხელისუფლებასო. ეს ტყუილები, რასაც ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით საუბრობდნენ და სურდათ ასეთი იაფფასიანი პოზიციით ფონს გასვლა, გაცვდა. ფასი აღარ აქვს მათ მოსაზრებებს. ჩვენ არ ვმუშაობთ ოპოზიციის დღის წესრიგით. ჩვენი ამოცანა არის ხალხის ინტერესების დღის წესრიგით მუშაობა“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები