გივი მიქანაძე: “ნაცმოძრაობას” და მის შენაერთებს არ უნდა გაუკვირდეთ, რომ მათი რეიტინგი დღითი დღე კლებულობს
მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე NDI-ს კვლევის მიმართ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.
მიქანაძის თქმით, “ნაცმოძრაობას” და მის შენაერთებს არ უნდა გაუკვირდეთ, რომ მათი რეიტინგი დღითი დღე კლებულობს.
“ის კვლევები, რომლებიც მათ უწერს რეიტინგის თვალსაზრისით არარსებულ ციფრებს, ეს მათთვის მისაღებია, ხოლო ის კვლევები, რომლებიც უწერს ისეთ მონაცემებს, რომელიც ბარიერის გადალახვის კითხვის ნიშანსაც აყენებს, ეს მათთვის მიუღებელია. რას ამბობს “ნაციონალური მოძრაობა” და მათთან დაკავშირებული პირები, რეალურად, ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის. NDI-ს კვლევა რომ რეალობისგან აცდენილია მმართველ პარტიასთან მიმართებით, ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას” და მის შენაერთებს, არ უნდა გაუკვირდეთ, რომ მათი რეიტინგი დღითი დღე კლებულობს, გამომდინარე იმ შიდა დაპირისპირებიდან, არასერიოზულობიდან და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების აცდენიდან”, – აცხადებს გივი მიქანაძე.
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ NDI-ს ბოლო კვლევა არასწორადაა ჩატარებული და რეალობას არ ასახავს.