ილია ბეგიაშვილი: პრემიერმინისტრის გუშინდელმა ანგარიშმა წარმოაჩინა 11 წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და უამრავი ადამიანის შრომის შედეგი

გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერმინისტრის ძალიან შთამბეჭდავი წლიური ანგარიში, რომელიც არ მოიცავდა მხოლოდ 2023 წელს, არამედ 11 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელდა, – ასე შეაფასა “კვირასთან” საუბარში პრემიერის ყოველწლიური ანგარიში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გაწეულ საქმიანობას ყველაზე მეტად სტატისტიკა და ციფრები გამოაჩენს, პრემიერის ანგარიშში კი, რეალურ მონაცემებთან ერთად, წარმოდგენილი იყო მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და უამრავი ადამიანის შრომის შედეგი.

“ციფრები და ყველა ის მონაცემი, რაც გაჟღერდა, ძალიან მეტყველი იყო. მოგეხსენებათ, რომ მიღწეულ შედეგებს, გაწეულ საქმიანობას ყველაზე მეტად სტატისტიკა და ციფრები გამოაჩენს. პრემიერმინისტრის გუშინდელმა ანგარიშმა წარმოაჩინა 11 წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და უამრავი ადამიანის შრომის შედეგი.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აღსანიშნავია, რომ ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი ამ 11 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდებოდა და 2023 წელს მიაღწია 3 მილიარდ 351 მილიონ ლარს, რაც აქამდე არ ყოფილა, ეს, პრაქტიკულად, უპრეცედენტო ციფრია”, – განაცხადა ბეგიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა, მათ შორის, გზების ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის გზები აშენდა.

“სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყალმომარაგება-წყალარინების მიმართულება, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც მრავალფეროვან პროექტებში არის ჩართული. ამ მრავალი პროექტიდან ძირითადებს შევეხები. მაგისტრალური გზების მშენებლობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ორად არის გასაყოფი საქმიანობა. ერთი არის ახალი გზების მშენებლობა და მეორე არის არსებული გზების რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. ორივე მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და, შეიძლება ითქვას, რომ წელს მართლა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის გზები აშენდა. ჯამურად, ეს გახლავთ 37 კილომეტრი, ისეთი მნიშვნელოვანი კორიდორი, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის მაგისტრალური გზა, ჯამურად უკვე დასრულებულია 267 კილომეტრი, რაც დაახლოებით 62% -ს შეადგენს, აქედან 71 კილომეტრზე ამჟამადაც მიმდინარეობს სამუშაოები.

ახლახან რიკოთის მაგისტრალური გზის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გავხსენით, რაც ყველასთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ეს მაგისტრალის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთი იყო და სამინისტრომ მასზე მუშაობა წარმატებით დაასრულა. ამ მონაკვეთის გახსნამ 8 კილომეტრით შეამცირა რიკოთზე გადაადგილების მანძილი და 25 წუთით შეამცირა გადაადგილების დრო. როგორც აღვნიშნე, ერთ-ერთი რთული მონაკვეთი იყო ინჟინრული თვალსაზრისით, გამომდინარე იქიდან, რომ იყო ძალიან ბევრი ხიდი და გვირაბი, 65 ხიდი, 38 გვირაბი აშენდა. მინდა, გამოვყო ის 71 -კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, კერძოდ: ოსიაური-ჩუმათელეთის, ჩუმათელეთი-ხევის, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებზე, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზა, გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთი, ბათუმის შემოვლითი გზა, ჯამურად, როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება ეს კორიდორი სრულად იქნება გამართული.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ამჟამად მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების სამუშაოები, შეიძლება ითქვას, რომ ეს ისტორიული პროექტია. 9-კილომეტრიანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბის გაყვანა სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული TBM-ის დანადგარით გრძელდება, დღეისთვის 8,2 კმ-მდე უკვე გაჭრილია. 6 კმ-ზეა გაჭრილი საევაკუაციო გვირაბიც. მიმდინარეობს გვირაბებამდე მისასვლელი გზისა და ხიდების მშენებლობაც. ეს პროექტი იქნება კომპლექსური პასუხი იმ მრავალ გამოწვევაზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ზამთრის სეზონზე ჩაკეტილ გზას და სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა მომსახურების გარეშე დარჩენილ 10 სოფელს უკავშირდება. ახალი საგზაო მონაკვეთი უზრუნველყოფს შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას რეგიონში, შემცირდება მგზავრობის დროც და ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილება 1 საათის ნაცვლად 15 წუთში იქნება შესაძლებელი. პროექტი ეტაპობრივად 2024-2025 წლებში დასრულდება.

  ქვეშეთი-კობის გვირაბის სამუშაოები

ძალიან საინტერესო პროექტი იყო თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალის პირველ 4 კმ-იან მონაკვეთზე (ვაზიანის შემოვლით გზაზე). ინტენსიური სამუშაოები გრძელდება დარჩენილ 31 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. ასევე, 2023 წელს დაიწყო საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2025 წელს დასრულდება.

დაწყებულია საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ომალოს მიმართულებით (თუშეთის გზაზე), რომელიც დაყოფილია 8 მონაკვეთად, სამუშაოები მიმდინარეობს 5 მონაკვეთზე, დარჩენილ 3 მონაკვეთზე გრძელდება სატენდერო პროცედურები.

ძალიან ბევრი შეიძლება იმ პროექტებზე საუბარი, რაც შეეხება გზების ინფრასტრუქტურას. ერთ პროექტს კიდევ აღვნიშნავ – ეს არის თბილისი-რუსთავის 17-კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც 13, 5 კმ უკვე გახსნილია და მოსახლეობა მრავალი წელია, სარგებლობს. იყო პრობლემები, ეს არის დაახლოებით 3,5 კილომეტრიანი მონაკვეთი, თუმცა, ეს პრობლემები აღმოფხვრილია და ეს მონაკვეთი დაიწყება და დასრულდება 2024 წელს, რაც ძალიან კომფორტული იქნება ყოველდღიურად ამ გზაზე მოძრავი მოსახლეობისთვის.

ჯამურად რომ ავიღოთ, თუ ახალი გზების მშენებლობამ, დაახლოებით, 37 კილომეტრი შეადგინა, 2023 წელს მიმდინარეობდა 1022 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება, საიდანაც სამუშაოები დასრულდა 500 კმ-ზე.

სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები. ეს ფონდი აფინანსებს თითქმის ყველა მიმართულებას, როგორებიცაა საგანმანათლებლო, სპორტული ინფრასტრუქტურა, ურბანული განახლება, პრაქტიკულად, ფარავს იმ საჭიროებებს, რომლებიც ქვეყანაში დგას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის გამოსვლაშიც აღნიშნული იყო, თუ რაოდენ დიდია ყურადღება, რომელსაც მთავრობა აქცევს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, წლების განმავლობაში არ განახლებულა არც სკოლების და არც ბაღების ინფრასტრუქტურა, ეს ჯერ კიდევ საბჭოთა ინფრასტრუქტურა იყო, 2013 წლამდე ინვესტირებაც 2013 მიზერული იყო. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლიდან ეტაპობრივად დაასრულა 150 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მხოლოდ 2023 წელს მიმდინარეობდა 50 სკოლის მშენებლობა, საიდანაც დასრულებულია 19, ამასთან დაგეგმილია კიდევ 51 სკოლის მშენებლობა.

აღსანიშნავია პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა განათლების ინფრასტრუქტურაში, დაახლოებით მილიარდიანი პროგრამა, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე, აღსანიშნავია ბაღების მიმართულება, 2019 წლიდან დღემდე დასრულდა 44 საბავშვო ბაღის მშენებლობა. 2023 წელს მიმდინარეობდა 225 ბაღის მშენებლობა, რაც ეტაპობრივად მომდევნო წლებში დასრულდება.

უნდა აღინიშნოს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გაწეული სამუშაოებიც, რომლის შედეგადაც უკვე დასრულდა ფუნქციონირებს ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზი, დასრულების ეტაპზეა რუსთავის სპორტული კომპლექსისა და მარნეულის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. გრძელდება სამუშაოები ახალციხისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების მშენებლობისთვის, მაღალი ტემპით მიმდინარეობს ბოლნისის, არხილოსკალოს, და წნორის სპორტკომპლექსების მშენებლობა.

მნიშვნელოვანი იყო 2022 წელს დაწყებული 11 სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებამ შესაძლებლობა მოგვცა 2023 წელს ღირსეული მასპინძლობა გაგვეწია საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისთვის. ასევე, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ვიწყებთ თბილისში ყინულის სასახლისა და ბაკურიანში ბიატლონისა და სათხილამურო (ქროს-ქანთრის) ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს პრემიერმინისტრის ინიცირებული ახალი პროგრამა, რომელიც დაიწყო 2021 წელს – ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამა, რომელმაც მოიცვა 63-ვე მუნიციპალიტეტი. ამ პროგრამაში ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობები და უწყებები, მათ მიერ შერჩეულ მდებარეობებზე მიმდინარეობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები, დასრულების ეტაპზეა პროგრამის მომდევნო ეტაპით გათვალისწინებული პროექტების განვითარებაც. ყველას ვერ ჩამოვთვლი, რა თქმა უნდა, გამოვყოფ რამდენიმეს, პროგრამის ფარგლებში: 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100-მდე პარკს და სკვერს, აშენდა 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აბაშის რკინიგზის სადგურს, პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განსახორციელებლად უკვე ინვესტირებულია 550 მილიონი ლარი.

ასევე, დასრულდა ბაკურიანის პარკის სრული რეაბილიტაცია-მშენებლობა და სრულდება გორის პარკის რეაბილიტაცია-მშენებლობა. გრძელდება ურბანული განახლების პროექტები დუშეთში, აბასთუმანში, ველისციხეში და მაღალი ტემპით მიმდინარეობს ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-თუშეთის მიმართულებით საფეხმავლო ბილიკებისა და ტურისტული ქოხების მოწყობის პროექტი.

2023 წელს დაიწყო პრემიერმინისტრის ინიცირებული – ,,ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ ახალი, 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება. პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია შემდეგი მდებარეობები: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, მესტიის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. სამუშაოები რამდენიმე ფაზად განხორციელდება, ამ ეტაპისთვის პროექტირებისა და სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია 9 მუნიციპალიტეტში.

საუბრის დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ სამინისტროს ბიუჯეტი მზარდია წლიდან წლამდე, 2023 წელს თუ ჩვენი ბიუჯეტი შეადგენდა 3 მილიარდ 351 მილიონ ლარს, 2024 წელს უკვე დამტკიცებულია 3 მილიარდ 400 მილიონი ლარის ბიუჯეტი სამინისტროსთვის ყველა იმ მიმართულებებისთვის, რაზეც ვისაუბრე. დარწმუნებული ვარ, რომ ისიც ისეთივე წარმატებით იქნება შესრულებული, როგორც 2023 წლის ბიუჯეტი. ბოლო მონაცემებით, 9 თვის ბიუჯეტი სამინისტრომ შეასრულა 108, 5 %-ით, მჯერა, რომ მეოთხე კვარტალსაც ასე აქტიურად დავხურავთ.

აქვე მინდა, აღვნიშნო და პრემიერის ანგარიშშიც აისახა ის მიმართულება, რომელსაც ჰქვია რეგიონული მიმართულებები, ჩვენი სამინისტროსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, რეგიონების განვითარება, მათი ინკლუზიური განვითარება, მინდა – რამდენიმე ციფრი მოვიყვანო, რაც იმ დინამიკაზე მეტყველებს, თუ როგორ ვითარდება რეგიონები არა მარტო ინფრასტრუქტურულად. მზარდი თანხა ითხოვს უფრო მეტ პროფესიონალიზმს, კვალიფიკაციას. 2013 წლიდან 3 მილიარდ 275 ლარის ინვესტირება მოხდა ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებში. ამ თანხის პროექტების მომსახურება- იმპლემენტაცია თვითონ მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ აქაც ფონდი ყოველწლიურად იზრდება. 2024 წელს დამტკიცებულია 400 მილიონიანი რეგიონული განვითარების ფონდი, ასევე, დაახლოებით 20 მილიონი იქნება მთის განვითარების ფონდი და 40 მილიონი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სამინისტროსთვის არის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ეს მიმართულებაც ამ 11 წლის განმავლობაში პროგრესს განიცდიდა დაფინანსების და ინვესტირების კუთხით, პროექტების როგორც რაოდენობით, ასევე, მათი საინჟინრო სირთულით. მინდა, რამდენიმე ციფრი მოვიყვანო, 2013 წლისთვის ამ მიმართულების ბიუჯეტი ჯამურად შეადგენდა 34 მილიონ ლარს, დღეის მდგომარეობით, 520 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ამ მიმართულებით, თუმცა, ერთდროულად მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 3 მილიარდ ლარს შეადგენს. ველოდებით, რომ 2023 წლის ბოლოსთვის 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს ისეთი დასახლებები, როგორიცაა თელავი, დედოფლისწყარო, ჯვარი, თეთრიწყარო და კიდევ დაახლოებით 60- მდე სოფელი, რაც დაახლოებით 150 000 ადამიანზეა გათვლილი, ანუ პრაქტიკულად შეიძლება, ითქვას, რომ 150 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება”, – აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები